Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

70-ლიტრიან ავზში ჩასხმული 110 ლიტრი საწვავი და დაუსაბუთებლად გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი თელავში


თელავის ცენტრი
თელავის ცენტრი

თელავის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე რიცხულ რამდენიმე ავტომობილის ავზში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ავზის მოცულობა იყო. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის 28 თებერვალს ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი WW 230 VV), რომლის ავზის მოცულობა სულ 70 ლიტრია, ჩასხმულია 110 ლიტრი საწვავი. მეორე შემთხვევაში 65-ლიტრიან ავზში ჩასხმულია 82 ლიტრი, მესამე ავტომობილში კი 65-ლიტრიან ავზში 85 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.

2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაში ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 4435 ლიტრი საწვავი. მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს”, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ამავე მონაცემით, 2018-2019 წლებში თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 313 ათას ლარზე მეტის ღირებულების საწვავი, მათ შორის: 85,775.6 ლიტრი ბენზინი (137.9 ათასი ლარი), 22,432.8 ლიტრი დიზელი (50.6 ათასი ლარი) და 94,920 კუბ.მ ბუნებრივი აირი (124.7 ათასი ლარი).

აუდიტის ობიექტმა ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობის, მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ...
აუდიტის სამსახური

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ორი წლის განმავლობაში თელავის ბიუჯეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 287 ათას ლარზე მეტი.

აქედან მერიამ დახარჯა 104.9 ათასი ლარი, ხოლო ა(ა)იპ − კულტურის ცენტრმა – 182.2 ათასი ლარი.

აუდიტორებმა მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დაადგინეს, რომ ორ წელიწადში მუნიციპალიტეტმა სარესტორნო მომსახურებაზე, ჯამში, გააფორმა 120 ხელშეკრულება და დახარჯა 161 ათას ლარზე მეტი.

აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ წლებში მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დელეგაციასა და ჯგუფებს კვების ობიექტებში მასპინძლობდა საშუალოდ თვეში 5-ჯერ, თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ აუდიტორებისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან, რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა, ინფორმაცია შეძენილი მენიუს შესახებ და სხვა მონაცემები.

„აუდიტის ობიექტმა ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობის, მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. არ არის შემუშავებული შიდა წესი, რომლის მიხედვითაც თანხები წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან გაიცემა. თანხები, ძირითადად, ანაზღაურდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 28 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები, რომლის კონკრეტულ პირებზე გადაცემის დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი“.

მას შემდეგ, რაც აუდიტმა აღმოაჩინა, რომ 65-იან ავზში 85 ლიტრი საწვავი იყო ჩასხმული, მოვიკვლიეთ და დადგინდა, რომ ავზის მოცულობასთან დაკავშირებით თავად მერიას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა...
თინათინ არაბული

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თელავის მერიას რეკომენდაციით მიმართავს, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ.

აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, შეძენილი საჩუქრების შემდგომი განკარგვისა და გადაცემის წესი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რომლებიც ხარჯებს საჯაროსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის“, - წერია აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო ნაწილში.

თელავის მერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წარმოდგენილ ხარვეზებს ნაწილობრივ აღიარებს. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, თინათინ არაბული, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ავტომობილის ავზების მოცულობასთან დაკავშირებით თავად მერიას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, რაც ანგარიშშიც აისახა.

„როგორ მოხდა 70 ლიტრიან ავზში 110 ლიტრი საწვავის ჩასხმა, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, რადგან ავტომობილი ეკუთვნის საკრებულოს. რაც შეეხება მერიას, ჩვენ ვიცოდით და დოკუმენტებითაც ასე იყო გაფორმებული, რომ ჩენი ერთ-ერთი ავტომობილის (მერსედესის მარკის) ავზი იყო 65-ლიტრიანი, თუმცა მას შემდეგ, რაც აუდიტმა აღმოაჩინა, რომ 65-იან ავზში 85 ლიტრი საწვავი იყო ჩასხმული, მოვიკვლიეთ და დადგინდა, რომ ავზის მოცულობასთან დაკავშირებით თავად მერიას არასწორი იფორმაცია ჰქონდა. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ავზი იყო 80-ლიტრიანი და არა 65-იანი, თუმცა ამის შესახებ აუდიტორებისთვის აღარ გვიცნობებია. პრობლემაა ის, რომ ჩვენც არ გვქონდა ინფორმაცია ავზის რეალურ მოცულობასთან დაკავშირებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თელავის მერიაში.

რაც შეეხება ზოგ შემთხვევაში დაუსაბუთებელ ხარჯებს, თელავის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, ამ რეკომენდაციას იზიარებენ და მომავალში გაითვალისწინებენ.

„ჩვენ კვებით ვუმასპინძლდებით მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმრებს, მათ შორის უცხოელებს. ასევე, ზოგჯერ მათ ვჩუქნით საჩუქრებს (სიმბოლურს). რამდენად მიზანშეწონილია, რომ საჩუქრის გადაცემის დროს სტუმარს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოვაწერინოთ, ეს არ ვიცი, თუმცა შევიმუშავებთ ისეთ წესს, რომ ეს ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ასევე გავითვალისწინებთ იმას, რომ დელეგაციების მასპინძლობის (რესტორანში) დროს დეტალურად იყოს აღწერილი, როგორც სტუმრების ვინაობა და რაოდენობა, ასევე მასპინძლების“, - ამბობს თინათინ არაბული.

აღსანიშნავია, რომ სახელწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში სხვა ხარვეზებზეც არის ლაპარაკი, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. რადიო თავისუფლება ამ თემებზე მუშაობას გააგრძელებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG