Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხალაძე: ნატოს სამიტიდან საქართველომ წამოიღო ის მაქსიმუმი, რაც ამ დროისთვის შეიძლებოდა


თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ნატოს 14 ივნისის სამიტის შედეგების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, ვისთვის იყო ეს სამიტი. რადიო თავისუფლების „დილის საუბარში“ თენგიზ ფხალაძემ კერძოდ, განმარტა, რომ ეს არ ყოფილა გაფართოვების სამიტი, რომელზეც ახალ წევრებზე უნდა ესაუბრათ:

„აქ იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაცა. პირველი ეს იყო ამერიკის ახალი პრეზიდენტის შეხვედრა ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებთან. მეორე თემა იყო სტრატეგიული კონცეფციის განსაზღვრა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ, რომლის შეფასებითაც ნატოს სამიტიდან საქართველომ წამოიღო ის მაქსიმუმი, რისი წამოღებაც ამ დროისათვის შეიძლებოდა:

„ერთია კომუნიკე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ყოველ 10 წელიწადში ეს კონცეფცია განახლებადია და განსაზღვრავს 10 წლიან პერსპექტივაში ალიანსის ძირითად სტრატეგიულ ამოცანებს. ძალიან მნიშვნეოვანია, რომ არა მხოლოდ კომუნიკაშია ლაპარაკი ჩვენზე, არამედ ეს სტრატეგიული კონცეფციაც ეხება იმ რეგიონს, რომელშიც ჩვენ მოვიაზრებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება.

ანუ სტრატეგიულმა კონცეფციამ დაადასტურა ნატოს მზადყოფნა, რომ გაფართოვდეს კიდევ და ის რომ შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს დაცული. ასე რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული სამიტიდან, ამ მინი, სამსაათიანი სამიტიდან ეს იყო მაქსიმუმი, რისი წამოღებაც ამ წუთას შეიძლებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელი უნდა დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ „დილის საუბრებში“.

ბრიუსელში 14 ივნისს გამართულ ნატოს სამიტზე მიღებულ კომუნიკეში დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ​NATO-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა „პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

„ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ (MAP) იქნება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი; ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ და შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს, იმის ჩათვლით, რომ თითოეული პარტნიორი განისჯება თავისი დამსახურებების მიხედვით.

მტკიცეფ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი, გარე ჩარევის გარეშე. საქართველო, როგორც “გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი“, მჭიდროთ თანამშრომლობს ალიანსთან საკითხების ფართო სპექტრში.

მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველის არსებით წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებასა და უნარს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

მივესალმებით „საქართველოს წინსვლის გზაზე“ შეთანხმების მიღწევას და მხარს ვუჭერთ მის განხორციელებას ყველა მხარის მიერ. ეს შეთანხმება კვალავს გზას მნიშვნელოვანი რეფორმებისკენ, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, მიაღწიოს პროგრესს გაწევრიანებისთვის მზადებაში.

კვლავაც ვაპირებთ სრულფასოვნად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ვაქებთ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომლებიც საქართველომ გაატარა და უნდა გააგრძელოს და რომლებიც დაეხმარა საქართველოს გაეძლიერებინა თავდაცვითი შესაძლებლობები და ალიანსთან ურთიერთქმედების უნარი. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, რუსეთის სულ უფრო მადესტაბილიზებელი ქმედებების პასუხად და მივესალმებით ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

მზად ვართ გავზარდოთ საქართველოსთვის დახმარება, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მედეგობის გასაძლიერებლად, ტრენინგებისა და ვერჯიშის გზით, დაცულ კომუნიკაციაშიც. მოუთმენლად ველოდებით ნატო-საქართველოს მორიგ წვრთნას 2022-ში“, - აღნიშნულია კომუნიკეს იმ პუნქტში, რომელიც საქართველოს ეხება.

XS
SM
MD
LG