Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს 4,5 წლით პატიმრობა შეეფარდა


2019 წლის 27 ნოემბერს პანკისის ხეობაში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმას, შმაგი მუთოშვილს 4,5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძემ მუთოშვილი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო უდანაშაულოდ - ორ მუხლში, რომელიც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის ტარებას გულიხსმობს.

პროცესის დასრულების შემდეგ შმაგი მუთოშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებობდა ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, ამიტომ დღევანდელი განაჩენი უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში, კანონის ვადების შესაბამისად გაასაჩივრებენ.

35 წლის შმაგი მუთოშვილს საგამოძიებო უწყება სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედევებოდა, მათ შორის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას.

საქმე ეხება გასული წლის 29 ივლისს, ღამის საათებში სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას, რა დროსაც სახლში ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიებით დადგინდა, რომ შურისძიების მოტივით შმაგი მუთოშვილმა ისროლა.

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა. ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ. მურად ქავთარაშვილი, მვკლელობისთვის მსჯავრდებული არბი ქავთარაშვილის ახლო ნათესავია.

XS
SM
MD
LG