Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე "ინდურ შტამზე": ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო მოცულობა 8 %-ია


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო მოცულობით 8 პროცენტს შეადგენს, თუმცა დადასტურებულია 18 შემთხვევა. ჟურნალისტებთან კომენტარში მინისტრმა თქვა, რომ ამ შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და რჩება ახლაც.

„ამას არავინ არ უარყოფს. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ის რეგულაციები, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან არის საქართველოში... ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე სახის გართულებას ექნება ადგილი. თუმცა, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად ჩავიტაროთ ტესტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების საკითხზე საუბრისას, თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 18 დადასტურებული შემთხვევიდან უმრავლესობას შეადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთიდან დაბრუნდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა ძირითადად "ბრიტანული შტამია" გავრცელებული და იწყება "ინდური შტამის" ცირკულირება.

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საქართველოში პირველად 27 მაისს დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ხუთ ადამიანს, მათ შორის, საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებსაც ე.წ. ინდური შტამის კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 356 179 შემთხვევა. მათგან 341 775 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5096 ადამიანი.

XS
SM
MD
LG