Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 22 პირის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 20 ივნისს დაშავებული 22 პირის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

20 ივნისის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს, პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ორი სარჩელით მიმართა - ერთი შეეხებოდა ჟურნალისტების დაშავებას, მეორე კი - დემონსტრანტების.

"ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები", - აღნიშნავენ საია-ში.

  • მედიასაშუალებების 11 წარმომადგენლის სარჩელში საუბარია ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე;
  • აქციის მონაწილე 10 პირისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის სარჩელში კი მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 03 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ საია-ში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს სახელმწიფოსთვის დასმული კითხვების ჩამონათვალსაც:

  • ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის შესახებ ევროპული სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს:

მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა მომჩივნები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?

  • ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს:

ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი? რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?

  • ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან დაკავშირებით (ჟურნალისტებთან მიმართებით) სვამს შემდეგ შეკითხვებს:

მომჩივნების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი, როგორც ჟურნალისტები, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?

  • ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან დაკავშირებით (აქციის მონაწილეებთან მიმართებით) ევროპული სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს:

მოხდა თუ არა მომჩივნების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციის მე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?

  • კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვას:

ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი?

საია-მ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG