ქალაქ იალტაში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უდიდეს საკურორტო ცენტრში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გავრცელდა ცნობა, რომ 26 წლის კაცი დაიღუპა, როცა ის წყალმა წაიღო. ამის შესახებ განაცხადა ყირიმის გუბერნატორმა, რომელიც მოსკოვის მიერ დაინიშნა, სერგეი აქსიონოვმა. დაღუპულის ვინაობა არ გავრცელებულა.
საგანგებო მიმართვა გაავრცელა იალტაში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იანინა პავლენკომ: „მდინარეები გადმოვიდა კალაპოტებიდან, დატბორილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. უმნიშვნელოვანესია, რომ ქალაქის ცენტრი მთლიანად გადაკეტილია“, თქვა პავლენკომ და მოსახლეობას ამცნო, რომ „წყლის უკონტროლო ნაკადებს მიაქვს მანქანები და ადამიანები“. მისი ინფორმაციით, დაშავებულია რვა ადამიანი.
ხელისუფლებამ ხალხს მოუწოდა, ნუ დატოვებენ საცხოვრებელ ადგილებს. პავლენკომ მიმართა მათ, რომ მოიმარაგონ სასმელი წყალი.
ქალაქის ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრალურ არეალებში გამორთო ელექტროდენი.
სტიქიასთან ბრძოლაში ჩაბმული არიან რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები.
მსხვერპლსა და დაზარალებულებზე ჯერ არაფერს იტყობინებიან.
იალტაში წყალდიდობა დაიწყო მეორე დღეს მას მერე, რაც ქალაქ ქერჩის ქუჩები დაიტბორა.
პარასკევ ღამეს მოსული ნალექის რაოდენობამ ერთი თვის ნორმას გადააჭარბა.
სოციალური ქსელებით ვრცელდება იალტაში სტიქიის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.