Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი საარჩევნო რეფორმის განხილვას უბრუნდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 ივნისს


საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტში განიხილავენ

დღეს, 21 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმას განიხილავენ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს:

  • ცესკოს წევრთა რაოდენობის ცვლილებას;
  • მათი არჩევის წესის ცვლილებას;
  • პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას.

კანონპროექტში არ არის ასახული კონკრეტული მექანიზმები საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხზე, რაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას უკავშირდება.

„შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ჩაწერილი მოთხოვნის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ჩადებულია უბნების 10%-ის ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

მინიმუმ ოთხი ადამიანია დაკავებული ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე

მინიმუმ ოთხი ადამიანი დააკავეს გუშინ საღამოს ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, იტყობინება გამოცემა „ბათუმელები“.

მიტინგი იმ შვიდი სპორტსმენის ნათესავების ორგანიზებული იყო, რომლებსაც ბრალად ედებათ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს არეულობების ორგანიზება და მათში მონაწილეობა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ 12 აპრილის აქცია პროვოკაცია იყო. ისინი სპორტსმენების დაკავებას „პოლიტიკურ შურისძიებად“ აფასებდნენ.

7 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მორიგი სხდომა ამ საქმესთან დაკავშირებით. ბათუმის აქციის მონაწილეები ობიექტურ პროცესს მოითხოვენ.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტი განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება საკითხი, გაუხანგრძლივდება თუ არა მთავრობას 2022 წლის 1 იანვრამდე ის უფლებამოსილება, რომლითაც მას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების მიღება პარლამენტისგან დამოუკიდებლად შეუძლია.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან მორიგ ცვლილებებს ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტები განიხილავენ.

მთავრობას ამ უფლებამოსილების ვადა პანდემიის პირობებში გასული წლის ივლისში მიენიჭა და შემდეგ დეკემბერში 6 თვით კიდევ გაუხანგრძლივდა. მთავრობას უფლება მიეცა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები და შეზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებები.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. არჩევნები დილის 8 საათზე დაიწყო და 20 საათამდე გაგრძელდა.

არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. სულ 2510 კანდიდატი.

ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად მოიაზრება ბლოკი „ჰაიასტანი“ („სომხეთი“), რომელსაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს.

პარლამენტში შესასვლელად, პარტიებმა ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი - 7%.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის ელჩი სამი თვის შემდეგ კვლავ დაბრუნდა აშშ-ში

აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი კვირას დილით მოსკოვიდან ნიუ-იორკში გაფრინდა. ის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ვაშინგტონში.

მარტში ის კონსულტაციისთვის გაიხმეს მოსკოვში მას მერე, რაც ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეინტერვიუში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელია“.

აპრილში, რუსეთის ხელისუფლების მრავალჯერადი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მოსკოვი დატოვა აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა. ვაშინგტონში აღნიშნავდნენ, რომ ის რამდენიმე კვირის შემდეგ დაუბრუნდებოდა თავის პოსტს.

ელჩების დაბრუნების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს სამიტი გაიმართა ბაიდენსა და პუტინს შორის.

წაიკითხე მეტი.

"აღარაფერი იქნება ისე, როგორც 20 ივნისამდე" - მაკო, ნათია, კობა, ლალი, გიორგი და დათო 2 წლის შემდეგ

20 ივნისიდან ორი წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო 22 დაშავებულის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

საქართველოს ახლა მოუწევს ევროპულ სასამართლოს გაუგზავნოს გამოძიების მასალები და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს, მათ შორის იმას, მოექცა თუ არა ქართული პოლიცია მოქალაქეებს არაადამიანურად და დამამცირებლად 2019 წელს 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს 20 ივნისის მოვლენებზე, დღეს ოპოზიციაშია და ახალ პარტიას აყალიბებს. გიორგი გახარია არჩევნებისთვის ემზადება, მისი გუნდის ყოფილი წევრები ხელისუფლებაში კი დღეს ამბობენ, რომ გახარიამ ორი წლის წინ ოპერაცია კარგად არ დაგეგმა და ძალას გადააჭარბა. როცა სამოქალაქო სექტორი ამას ამბობდა, ხელისუფლება არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ პარლამენტზე შტურმს სხვაგვარად ვერ მოიგერიებდა.

ოპოზიცია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ თვეების მანძილზე აქციებს მართავდა, დღეს თანახმაა დამნაშავეებს ამნისტია შეეხოთ და დაზარალებულებს კომპენსაციის გაცემას ჰპირდება. დაშავებულები პოლიტიკურ გარიგებებს სკეპტიკურად უყურებენ და თავს მოტყუებულად გრძნობენ იმის გამო, რომ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულების ამინისტიას ოპოზიცია მათთან შეუთანხმებლად დათანხმდა.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

8 წლის განმავლობაში მშენებარე ფოთის სტადიონი, რომელიც ისევ დაუსრულებელია. მის მშენებლობაზე რამდენიმე კომპანიამ იმუშავა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავანსად მილიონობით ლარი მიიღეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ელიტა ბურჯია”.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG