Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამბიციური სასამართლო რეფორმის" უსასრულო მოლოდინში


„ამბიციური სასამართლო რეფორმა“ შარლ მიშელის შეთანხმების - "საქართველოს სამომავლო გზის" ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. პროცესი რეფორმის დასაწყებად საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არ დაძრულა.

ამ უძრაობის ფონზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევისა და მოსამართლეთა დანიშვნის პარალელური პროცესები, რაც საერთაშორისო პარტნიორების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. არასამთავრობო სექტორი დიდი ხანია ელოდება სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას და ამჟამად, საპარლამენტო პროცესის დაწყების მოლოდინშია. "კლანის" საქმიანობის სქემების შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლები ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობისგან" ელოდებიან.

"მიშელის შეთანხმებას" ახსენებს მმართველ ძალას პარლამენტში ამ შეთანხმების შედეგად შესული ოპოზიცია.

"ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეთანხმების სულისკვეთებას ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიების მსგავსად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობდა, რომ ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კელი დეგნანმა 22 ივნისს კვლავ შეახსენა საქართველოს პარლამენტს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილის „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებაა; ვალდებულებას კი შესრულება უნდა.

„ჩემს მოწოდებებზე უფრო მნიშვნელოვანია ამ პროცესის შეჩერების ვალდებულება, რომლებიც პოლიტიკურმა ლიდერებმა იკისრეს 19 აპრილის შეთანხმების განხილვისა და ხელმოწერის შედეგად. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს (მოსამართლეთა დანიშვნის) პროცესის შეჩერებას რეფორმის გატარებამდე. მათ ვალდებულება აიღეს ასევე, რომ რეფორმის გატარებამდე, უნდა წარიმართოს ჯანსაღი დისკუსია იმის შესახებ - თუ რა სახის რეფორმას საჭიროებს სასამართლო სისტემა. სწორედ ამას მოველით ჩვენც.

საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს... კონსტიტუციისა და 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დროებით შეაჩეროს [მოსამართლეთა] დანიშვნის პროცესი“ - უთხრა კელი დეგნანმა 22 ივნისს ჟურნალისტებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო სისტემის „ამბიციურ რეფორმასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა და პროცესი, დღემდე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრით შემოიფარგლა. ჯერჯერობით ისიც ძნელი სათქმელია, მოხერხდება თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატების მოთხოვნათა ერთი პროექტის ფარგლებში მოქცევა.

სამაგიეროდ, პარალელურად მიმდინარეობს პროცესი, რომლის შეჩერების აუცილებლობაზეც, უკვე მერამდენედ, ღიად ლაპარაკობენ საერთაშორისო პარტნიორები.

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების აშკარა უნდობლობის ფონზე, 4 ახალი მოსამართლე წევრი დამტკიცდა.
  • ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიანი ვადით თუ უვადოდ, საერთო სასამართლოებში დანიშნა კიდევ 50-მდე მოსამართლე.

სწრაფი ტემპით წარმართულ ასეთ დანიშვნებში ნეპოტიზმისა თუ „კლანის“ სხვა ინტერესების გატარების ნიშნებს ხედავს და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო სექტორი.

როგორია საქართველოს პარლამენტის პოზიცია?

24 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული მოწოდებების საპასუხოდ, წერილი გაუგზავნა აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩებს და შეატყობინა, რომ არ დაკმაყოფილდება მათი რეკომენდაცია - ვაკანტურ ადგილებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დამტკიცებისა და უზენაესი სასამართლოსთვის ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარე წერილობით განუმარტავდა დიპლომატებს, რომ პროცესები კონსტიტუციასთან, კანონსა და 19 აპრილის შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობდა და სამომავლოდაც ასე გაგრძელდებოდა.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სპიკერის წერილის მიღებიდან ელჩმა დეგნანმა საჯაროდ არ გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობით მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით. 22 ივნისს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ:

  • „დამოუკიდებელი შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს“.
  • „სისტემაში არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რათა გაიმართოს დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი დამატებითი რეფორმებია საჭირო საქართველოს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად“.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

„ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ „კლანს“, ეს არის არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მინდა თავმჯდომარეს ვთხოვო, რომ გამოცხადდეს კონკურსი. ისინი უნდა ავირჩიოთ ჩვენ, პარლამენტმა.

შევახსენოთ საზოგადოებას და ყველა პროფესიონალს, ვისაც უნდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები ამ ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევისთვის, 90 ხმაა საჭირო... ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანებს, რომ პროცესი იქნება ჯანსაღი, თუ ჩვენ დღესვე განვაცხადებთ, რომ გვექნება მკაცრი კრიტერიუმები შერჩევის და ეს იქნება ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი" - ამ შინაარსის განცხადება სამნიძემ 22 ივნისს პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თვლის, რომ ყველაფერი ძირეულად არის შესაცვლელი, რადგან 2013 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმები „სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის მოჩვენებითი და არასრულფასოვანი მცდელობა“ იყო, რამაც მხოლოდ „პოზიტიური გარდაქმნის იმიტაცია შექმნა“.

კოალიციის წევრი ორგანიზაციებისთვის ნათელია, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორების მზარდი იმედგაცრუებაც სასამართლო სისტემის მიმართ და რეფორმირების პროცესში პარლამენტს თავიანთ რეკომენდაციებსაც სთავაზობენ - რაც, პირველ რიგში, ძირითადად სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურებს შეეხება.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ რეფორმების გატარების შემდეგ, ხელახლა უნდა ჩატარდეს მოსამართლეებმა დანიშვნის პროცესი“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორი, ვახუშტი მენაბდე, რომელსაც იმედი არა აქვს, რომ ხელისუფლება საკუთარი ნებით გადადგამს ნაბიჯების სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმებისკენ.

"ქართული ოცნება" მუდმივად იმეორებს, რომ ზედმწევნით ზუსტად შეასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას და მათ შორის - "ამბიციური სასამართლო რეფორმის" კუთხითაც. თუმცა ხელისუფლება არასდროს იზიარებდა და არც ახლა იზიარებს სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკას სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს "სასამართლო კლანის" არსებობას.

პარლამენტში რთულ და მღელვარე პროცესებს მოელიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ასევე მოითხოვს, რომ „უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მოამზადებს დასკვნას კლანური მმართველობის შესახებ, რომლის საფუძველზეც პარლამენტის მიიღებს რეზოლუციას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ“.

ორგანიზაციის „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ თავმჯდომარე ეკა ციმაკურიძე გვეუბნება, რომ საქართველოს სასამართლოში „კლანის“ არსებობა უკვე აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ეს, მისი თქმით, ნათელია, თუნდაც მხოლოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშებიდანაც.

იურისტების ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ, უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის, „კლანის“ ანატომიისა და სამოქმედო სქემის შესწავლა მოხდეს. ჯგუფი, რომელშიც ეკა ციმაკურიძეც შედის, დახმარებისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს.

რატომ „ნაციონალური მოძრაობა“?

ციმაკურიძე გვპასუხობს, რომ სასამართლო სისტემაზე ზეგავლენამ შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწია სწორედ წინა ხელისუფლების დროს და ახლა „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა „კლანთან“ ბრძოლის საქმეში.

თუკი ვინმეს აქვს ოპოზიციაში ამის შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება პირველწყაროდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაზე დიდი დახმარება ქვეყნისთვის და სასამართლო სისტემისთვის დღეს იქნებოდა იმის თქმა, თუ როგორია მუშაობის სქემა. თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ საქვეყნო საქმე გააკეთოს, უნდა მოახდინოს ამ პროცესის ლუსტრაცია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკა ციმაკურიძე.

იურისტთა ჯგუფის განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ ამჟამად „პოლიტიკური ხელისუფლება და სასამართლოს ხელმძღვანელობა სრულად შეკრულია ერთმანეთთან“ და კლანის მუშაობის შესახებ შიდა ინფორმაცია „აღარ ჟონავს“.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG