Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრებს იწყებენ


დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელთან.

მინისტრები დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით, ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან. ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ევროკომისრებს და ევროპარლამენტის დეპუტატებსაც.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს. შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დეკემბრის სამიტისთვის მზადებაზე.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ იმ ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომლიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგიონში, ევროკავშირმა ახლებურად გაიაზროს ამ გაერთიანების მნიშვნელობა. ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში აშკარაა, რომ განსხვავებული მიდგომაა შესამუშავებელი, რადგან ჩვენ უფრო მეტად ვამჟღვანებთ სურვილს და შედეგებიც უფრო თვალშისაცემი და ხელშესახები გვაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა 23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის მაისში დააფუძნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG