პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ინტერესდება, რა პოზიცია აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში დაგეგმილ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით და არის თუ არა მხარდაჭერისთვის მზად. კორძაიამ ღარიბაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მიმართა, სადაც პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით არის მისული.
"5 ივლისის აქცია ახსენეს აქ. პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ, როგორც პრემიერ-მინისტრი იმას, რომ თქვენი პერსონალური მისვლა "თბილისი პრაიდის" ღირსების მარშზე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და თუ ხართ მზად მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ", - ჰკითხა კორძაიამ ღარიბაშვილს.
პროცედურის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს პრემიერმა ყველას გამოსვლის შემდეგ უნდა უპასუხოს.
კორძაიამ პარლამენტში დეპუტატის მანდატი არაერთხელ გამოიყენა ლგბტქ თემის უფლებებზე სასაუბროდ. რამდენიმე დღის წინ, 18 ივნისს მან სახალხო დამცველს სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოწოდება გაევრცელებინა "ღირსების მარშის" ღირსეულად ჩასატარებლად.