Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიელ ნაკაიძე პრემიერს: არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ​მოხაზოთ


დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ არ მისცემს უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნიოს.

"მე დღეს აქ საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ. მე ქართველი მუსლიმი ვარ. დიახ, მინდა, კარგად იცოდეთ, ბატონო პრემიერო, რომ მე ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ჩვენ ავაშენებთ ეკლესიებს, ჩვენ ავაშენებთ სინაგოგებს. ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს სულიერების უმთავრესი ტაძარია.

მაგრამ თქვენ არ მოგცემთ უფლებას, ჩვენს კითხვებს გვერდი აუაროთ. თქვენ მოგიწევთ, გასცეთ პასუხი ჩვენს კითხვებს. თქვენ არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მოხაზოთ და მონიშნოთ. არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ. საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენ მეტი სამშობლო არ გვაქვს.

შევეჯიბროთ პატრიოტიზმსა და მის სიყვარულში. მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საქართველოს მოსახლეობას ასეთი ემოციური და ხმამაღალი გამოსვლისთვის, მაგრამ, ბატონო პრემიერო, თქვენ არ დამიტოვეთ სხვა შანსი.

დაე, გაუმარჯოს მრავალფეროვან, თავისუფალ საქართველოს. ღმერთო, დალოცე საქართველო", - თქვა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც რიგგარეშე სხდომა იმართება, პრემიერ-მინისტრის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.

ანგარიშის წარდგენისას ტარიელ ნაკაიძემ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა უმცრესობებთან დაკავშირებით, რაზეც პარასკევს მკაფიო პასუხები ვერ მიიღო.

25 ივლისს ტარიელ ნაკაიძემ შემდეგი კითხვები დაუსვა პრემიერ-მინისტრს:

„როდემდე უნდა ესაუბროთ სუს-ის ენით, საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს და როდის შეძლებთ გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი?

ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც 5 მილიონ ლარს ვუხდით წელიწადში, უნდა გაუქმდეს, რადგან არაეფექტურია მისი მუშაობა?

საერთოდ, როდის უნდა დასრულდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოძიება, რადგან გახსოვთ ბუკნარის, მარნეულის, დმანისის მოვლენები, ყველგან იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.

პანდემიის პერიოდში ისიც კი ვერ უზრუნველჰყავით, რომ ინფორმაცია მიგეწოდებინათ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომ გაეგოთ რა ხდებოდა ქვეყანაში. 1+4 პროგრამის გარდა, თუ გაქვთ რაიმე ახალი მიდგომები ინტეგრაციის პოლიტიკაში დაგეგმილი?“ - იკითხა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერის ანგარიშის წარდგენისას.

XS
SM
MD
LG