Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ


სახალხო დამცველი და ეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში
სახალხო დამცველი და ეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონის მმართველი ეპისკოპოსი იაკობი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პანსიონში სტუმრობის შემდეგ ამბობს, რომ უწყების კარი ღიაა და გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია.

„გახსნილები ვართ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ისევე როგორც ევროკავშირის, ისევე როგორც იუნისეფის, ჩვენი სახელმწიფოს, პირველ რიგში. ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა. მან მედიასთან სახალხო დამცველთან პანსიონის ბენეფიციარების გაუცხოების მიზეზებზეც ილაპარაკა და ეს ძირითადად იმით ახსნა, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო:

„სახალხო დამცველი პირველად შევიდა კონტაქტში ამ ბავშვებთან 2018 წლის შემდეგ და გარკვეული გაუცხოვებასავით იქნებოდა. მეც რომ მოვედი, თავიდან ჩემთანაც იყო გაუცხოვება... დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე, იმანაც იმოქმედა, რომ ორი თვე ტყვეობაში იყვნენ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, გაუცხოვებულები იმიტომ არიან. ახლა შედარებით შემოდიან კონტაქტში და მე ვფიქრობ, მეორე, მესამე, მეოთხე შეხვედრაზე, მეათე შეხვედრაზე მეტად გახსნილები იქნებიან“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პანსიონში მყოფი ბენეფიციარებიდან მხოლოდ ერთს უნდა ტერიტორიის დატოვება და თბილისში გადასვლა და როდესაც შესაბამისი ადგილი გამოიძებნება, მას გადაიყვანენ. რაც შეეხება აღმზრდელებს, მისი თქმით, მათი რაოდენობა 20-ია, ხოლო მოგვიანებით საშტატო ერთეული 40-მდე გაიზრდება.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს საპატრიარქოს მართვის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ბავშვების მხრიდან მის მიმართ გარკვეული გაუცხოება იგრძნობოდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვებს ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ მის შესახებ. „ბევრი ფაქტორის გამო“, - აღნიშნა ლომჯარიამ და დააზუსტა: - „წლების განმავლობაში აქ იზრდებიან დაბადებიდან. ჩვენ ხშირი კონტაქტი არ გვქონია. სმენიათ ცუდი, სამწუხაროდ, მათ შორის, სამწუხაროდ, გარკვეული აღმზრდელების მხრიდან“.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს პანსიონის მიმართ აქვს პირველადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების თვალსაზრისითაც სრული მზადყოფნა გამოიხატა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 15 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც.

14 ივნისს პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. იგი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი რამდენიმე მცირე ტიპის საცხოვრისად გადაკეთდება. 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ ჟურნალისტებს ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რომ სად და რა სახსრებით აშენდება მცირე ტიპის სახლები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ამაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ დაიხარჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG