ბოლო ერთ თვეში საქართველოში შემოსვლისას, ან შემოსვლის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა 400-ზე მეტ ტურისტს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ:
„დღეს მე საბჭოს ვაუწყე, ტურისტებში ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ინფექციის შემოტანის ქვეყანაში და შემდგომ მათი იზოლირების. ანუ, გაზრდილი მობილობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკფაქტორია შემთხვევების ზრდის“.
საქართველოში დღეს მოქმედი წესებით, ქვეყნის საჰაერო საზღვრის გადაკვეთისას პირმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინით აცრის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას, ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მოეთხოვება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.
ვაქცინაციის გარეშე საქართველოს საზღვრების გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ 38 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი და საზღვრის გადაკვეთიდან მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით გაიკეთონ PCR-ტესტი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს შესაძლებლობას, რომ ვაქცინირებულ ტურისტებსაც საქართველოში ჩამოსვლიდან 72 საათში მოსთხოვონ ტესტის გაკეთება.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები 2021 წლის 1 ივნისიდან გახსნა. რეგულარული ავიამიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენა კი 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და მთლიანად აღდგა 2021 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 709 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1194 შემთხვევა. ეს ამ თვეში, პირველი ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.