საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოვიდა პარიზში, საერთაშორისო ფორუმზე Generation Equality Forum.
„დღეს მე აქ ვარ, როგორც მსოფლიოში არჩეული 9 ქალი პრეზიდენტის ერთადერთი წარმომადგენელი. მსოფლიოში ქალი პრეზიდენტები ძალიან ცოტანი არიან, ამასთან, მსოფლიოში 13 ქალი პრემიერ-მინისტრია, თუმცა ქალი ლიდერების ეს რაოდენობა ამ ბრძოლაში საკმარისი არ არის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ზურაბიშვილმა სხვა საკითხების გარდა ილაპარაკა 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. „მინდა შევეხო ორ კონკრეტულ გამოწვევას, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქვეყნისათვის საერთოა. ეს არის ქალთა მიმართ ონლაინძალადობა და მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მე ეს გამოვიარე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ შემდეგაც. ეს ის საკითხია, რომელიც ხელს უშლის და ზღუდავს პოლიტიკაში ქალების ჩართულობას, რადგან შეტევა სხვა მეთოდებით მათზე პიროვნულად ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს ამ პრობლემას, თუ გვსურს, რომ ხვალ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ ქალს პარლამენტში, მეტ ქალ კანონმდებლობის შექმნაში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, - „მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, რომელიც უფრო აქტუალური და ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩემი ქვეყნისთვის (მაგრამ არამხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის). ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან! და მე შემიძლია ამაზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფი ქალების სახელით ვისაუბრო. დღეს მე აქ მათ წარმოვადგენ, რადგან ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან - ჩემი მოქალაქეები, და ისინი ყოველდღიურად ზარალდებიან".
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები. „მივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - გიცხადებთ სოლიდარობას! ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის და წინააღმდეგი ვართ სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის!", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.