Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო დოლიძე: მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილი იქნას კანდიდატურა, ვისაც ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება


ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებისას პოლიტიკური კონსენსუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რათა პოლიტიკური პარტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ სათანადო ნდობა ჰქონდეთ.

„პირველ რიგში კონსენსუსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ვნახეთ იმიტომ, რომ არ იყო ნდობა ქალბატონი თამარის და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ჩვენ ბოიკოტი ვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად პარტიებს ჰქონდეთ ამ კონკრეტული ადამიანის და ზოგადად ცესკოს მიმართ ნდობა. იმიტომ, რომ შემდეგ გადაწყვეტილებები, რასაც ცესკო მიიღებს, პარტიებისთვის უნდა იყოს მისაღები“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, პარტიების როლი ცესკოს თავმჯდომარისა და 2 პროფესიული წევრის არჩევის დროს გადამწყვეტია და კარგი იქნება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის წევრთა 2/3-ით იყოს არჩეული და არა უბრალო უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატით.

„აქ კანონში ჩაიწერა 2/3-ით მხარდაჭერა ამ ადამიანების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასე მოხდეს. კანონში ასევე ჩაიდო ერთხელ, ორჯერ მცდელობა, თუმცა თუ სამჯერ ჩავარდება, შემდეგ უბრალო უმრავლესობით აირჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავმჯდომარე არჩეული იქნება არა 5 წლით, არამედ მხოლოდ 6 თვით. აი, ეს არ მინდა ვიხილო. იმიტომ, რომ თუ არჩევნებს უბრალო უმრავლესობით არჩეული ადამიანი ჩაატარებს, მერე იგივე პრობლემები დადგება. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეხლა ისეთი ადამიანი წარედგინოს პარლამენტს, რომელსაც ყველა მხარის მაღალი მხარდაჭერა ექნება, რომ შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ ვიხილოთ მსგავსი სიტუაცია, რაც წინაზე ვნახეთ“, - განაცხადა ნინო დოლიძემ. მისი თქმით, პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მათთვის მისაღებ, მათი შეფასებით ღირსეულ ადამიანებს ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის რეკომენდაციით მიმართონ.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG