Accessibility links

site logo site logo

ივლისიდან გასაყიდ სათამაშოებს შეამოწმებენ


ივლისიდან სავალდებულო გახდა გასაყიდი სათამაშოების დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობა. სათამაშო როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური მახასიათებლებით უსაფრთხო უნდა იყოს.

ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან, 2020 წელს, მიიღო, თუმცა ის სავალდებულო ერთბაშად არ გამხდარა. ბიზნესს მოსამზადებლად ჯერ ერთი წელი მისცეს, შემდეგ კიდევ 6 თვე.

ვარგისია თუ არა სათამაშო, ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს, მათ შორის შეამოწმებს მწარმოებლის დოკუმენტს, რომელშიც სათამაშოს დამზადების ტექნოლოგია უნდა იყოს აღწერილი, ასევე გაიარა თუა არა სათამაშომ სპეციალური ტესტები, მაგალითად, სათამაშოს, რომელიც ძალიან პატარებისთვისაა, არ უნდა ჰქონდეს ისეთი წვრილი დეტალები, რომლებიც ბავშვმა შესაძლოა გადაყლაპოს; არ უნდა ჰქონდეს გრძელი ზონრები, ესეც სახიფათოა; არ უნდა ჰქონდეს ბასრი წახნაგები; არ უნდა იყოს დამზადებული იოლად აალებადი მასალისგან.

სათამაშოების ბაზრის ნაწილი არც დოკუმენტურად და არც ფიზიკურად არ შეესაბამება მოთხოვნებს. არის დაბალფასიანი სათამაშოები, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან და ექსპორტიორებიდან შემოდის, უსაფრთხოების სისტემა საერთოდ რომ არა აქვთ დანერგილი. ბევრ შემთხვევაში ასეთ პროდუქტს დოკუმენტი, უბრალოდ, ვერ ექნება, რადგან ტესტირება არც ჩასტარებია... ასეთი პროდუქტი უნდა გაქრეს“, - ამბობს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი რატი ობოლაძე. მისი თქმით, 2020 წელს ლაბორატორიულად შეამოწმეს სათამაშოების 22 ნიმუში და აღმოჩნდა, რომ მათ ნაწილს ქიმიური მახასიათებლები დარღვეული ჰქონდა.

სათამაშოების ნიმუშთა ქიმიური ტესტირება ზედამხედველობის ერთ-ერთი ფუნქციაა. ლაბორატორიაში გაიგზავნება ის ნიმუშები, რომელთა მიმართაც ეჭვი გაჩნდება, რომ ისინი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. საფრთხეზე შეიძლება მიუთითებდეს მწარმოებელი კომპანიის არასახარბიელო რეპუტაცია, წარმოების ქვეყანა ან, მაგალითად, პროდუქტის ვიზუალური ნიშნები.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს, რომ რეგლამენტი ქიმიური ნივთიერებების მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება. მაგალითად, რეგლამენტში არ არის ნახსენები ფტალატები, რომლებიც სათამაშოებში მკაცრად იზღუდება და რომელთა გადამეტებული ოდენობა ცენტრმა 44-დან 21 სათამაშოში აღმოაჩინა. ეს შემოწმება 2016-2017 წლებში ჩატარდა.

„ფტალატები თირკმელებზე მოქმედებს და რეპროდუქციული სისტემის დარღვევებს იწვევს. კიდევ სხვა უამრავი საშიში ქიმიური ნივთიერება არსებობს, რომელიც რეგლამენტში არ შესულა“, - ამბობს ცენტრის წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე.

ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოში აცხადებენ, რომ დანარჩენ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ამჟამად ცალკე ნორმატიული დოკუმენტი მზადდება.

რა ხდება სათამაშოების ბაზარზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2020 წელს სათამაშოების ბაზარი შეისწავლა. კვლევაში ნათქვამია, რომ საბავშვო სათამაშოების იმპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურია და წლიურად თითქმის 20 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

ყველაზე მეტი სათამაშო 2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს - 11 352 611 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და ბაზრის 64 % წილით. მეორე უმსხვილესი იმპორტიორია ქალაქი-სახელმწიფო ჰონკონგი 1 747 218 აშშ დოლარის მოცულობის იმპორტითა და 10 % ბაზრის წილით. მესამე ადგილზე გერმანიაა - 707 525 აშშ დოლარით და ბაზრის 4 % წილით. მას მოსდევს ესტონეთი (4 %) და დანია (2 %). უმსხვილეს იმპორტიორთა ათეულში ასევე შედიან თურქეთი (2 %), ნიდერლანდი (2 %), ირანი (2 %), აშშ (1 %) და ჩეხეთი (1 %).

„სათამაშოების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით, 90 პროცენტამდე, იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოება მცირეა. ქართული სათამაშო უმეტესად ან ხისგანაა დამზადებული, ან ნაჭრისგან და ამიტომ შედარებით ადვილად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ეს წესები უფრო იმპორტიორებს ეხებათ. მოუწევთ ისეთი ქვეყნებიდან შემოტანა, რომლებიც უფრო მაღალი ხარისხის სათამაშოებს აწარმოებენ და ეს ფასზე აუცილებლად იმოქმედებს“, - ამბობს ცენტრის წარმომადგენელი ირინა გურული.

იმპორტიორებიც და ადგილობრივი მეწარმეებიც შიშობდნენ, რომ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდნენ. რეგლამენტის ამოქმედება ორჯერ სწორედ ამ მიზეზით გადაიდო.

ჩვენც ჩინეთიდან შემოგვაქვს, მაგრამ ეს ევროკავშირის სტანდარტებით შექმნილი სათამაშოებია. საბუთებს აქამდე საბაჟო არ გვთხოვდა. ამის შემდეგ, ალბათ, მოგვთხოვს და მზად გვაქვს. ბასრი არ უნდა იყოსო, წვეტიანიო... ტრენინგები გაგვატარეს. ბასრი სათამაშო ისედაც ვის გაუგია?! ქიმიურ შემადგენლობაზე კი მომწოდებელი გვეუბნება, რომ სტანდარტებს შეესაბამება და ჩვენ ახლა ექსპერტები არ ვართ, რომ შევამოწმოთ“, - გვეუბნება ბიზნესმენი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

მეორეული სათამაშოები

რეგლამენტის პირველი ვერსია ისეთი იყო, რომ ბიზნესოპერატორები მეორეულ სათამაშოებს, ფაქტობრივად, ვერ შემოიტანდნენ. შემდეგ წესები შეიცვალა და ახლა მეორეული სათამაშოების შემომტანებს არ ევალებათ იმავე დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ახალი სათამაშოების შემომტანებს უნდა ჰქონდეთ.

ნინო ამისულაშვილი სავაჭრო ქსელ „პილთონის“ ხელმძღვანელია. მეორადი სათამაშოები მას ამერიკიდან შემოაქვს.

„ახლა შემოტანის დროს წარვადგენთ საბუთებს, თუ სად, რომელ ქვეყანაში შევაგროვეთ ეს სათამაშოები. ევროკავშირის ქვეყნებიდან თუა ან ამერიკიდან, პრობლემა არ იქნება, - ამბობს ის, - ვენს მაღაზიაში ის ადამიანები მოდიან, ვინც ხარისხში ერკვევა. ალიან უხარიათ, რომ ბევრად იაფად შეუძლაით კარგი სათამაშო შეიძინონ, მაგრამ, ზოგადად, ბაზარზე უმეტესად უხარისხო პროდუქტია, რაც ნიშნავს, რომ ბევრმა მშობელმა არ იცის, ბავშვს რა საფრთხის წინაშე აყენებს“.

იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის სააგენტო დაადგენს, რომ პროდუქცია არასათანადო ხარისხისაა, ბიზნესოპერატორს გაფრთხილება მიეცემა, შეიძლება შეჩერდეს იმპორტირებაც, ხოლო თუ სათამაშო განსაკუთრებით სახიფათოა, მას გაყიდვიდანაც ამოიღებენ და მოსახლეობიდანაც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG