Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს პრაიდის გუნდს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე


შინაგან საქმეთა სამინისტრო "თბილისი პრაიდის" გუნდს მოუწოდებს, უარი თქვან "ღირსების მარშის" გამართვაზე. ამ შინაარსის მოწოდება უწყებამ ძალადობრივი ჯგუფების შეკრებისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების შემდეგ გაავრცელა, სადაც ის ღონისძიების მიზანშეუწონლობაზე საუბრობდა.

"კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ "თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე", - აცხადებენ შსს-ში.

უწყება აცხადებს, რომ ეს მარში შეკრებილი კონტრაქციის გამო საფრთხის შემცველია. შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, დააკავა თუ არა ვინმე.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ "თბილისი პრაიდის" დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს აცხადებს, რომ "უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ რეჟიმით მუშაობენ".

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG