Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქო: ჩვენი დღევანდელი შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისაკენ მიმართული


„გვინდა შევახსენოთ ე.წ "მარშის" გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. განცხადება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებებისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.

ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სამწუხარო და მიუღებელია ძალადობრივი ინციდენტები ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქმნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული განცხადებები 29 ივნისს და 3 ივლისსაც გაავრცელა. მათში კერძოდ აღნიშნულია, რომ „ღირსების მარშს“ „ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს“ და იგი არ უნდა გაიმართოს. განცხადებებში ჰომოფობიური არგუმენტებია მოყვანილი ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში"ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პრაიდის გუნდს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე. შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, დააკავა თუ არა ვინმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG