Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქნესეთმა 2003 წლის შემდეგ პირველად ვერ გააგრძელა სადავო კანონის მოქმედება


ნაფტალი ბენეტი
ნაფტალი ბენეტი

ისრაელის პარლამენტმა 2003 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო გაეგრძელებინა მოქალაქეობის შესახებ სადავო კანონის მოქმედება. კანონი ნებას არ აძლევს პალესტინელებს, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში ცხოვრობენ და ქორწინებაში არიან ისრაელის მოქალაქეებთან, ავტომატურად ჰქონდეთ პრეტენზია ისრაელის პასპორტის მიღებაზე.

დებატების შემდეგ, რომელიც წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა, დოკუმენტმა მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო. თავი შეიკავა ორმა დეპუტატმა „გაერთიანებული არაბული სიიდან“, რომელიც ისრაელში არაბული უმცირესობის ინტერესებს იცავს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მომხრეებმა, ოპოზიციონერმა მემარჯვენე პოლიტიკოსებმა, რომლებიც ტრადიციულად კანონის სასარგებლოდ აძლევენ ხმას, ამჯერად არ დაუჭირეს მას მხარი. ამგვარად, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, უხერხული ვითარება შეიქმნა მთავრობისთვის, რომელსაც ნაციონალისტური პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი უდგას სათავეში.

კენჭისყრა ბენეტის მთავრობისადმი ნდობის ვოტუმად განიხილება. მთავრობა შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან. მასში არიან მემარცხენეები, ცენტრისტები, მემარჯვენეები და არაბული გაერთიანებების წარმომადგენლები. სამთავრობო კოალიცია კომპრომისული წინადადებით გამოვიდა და დოკუმენტის ნახევარი წლით გაგრძელებას უჭერდა მხარს. მანამდე კანონის მოქმედებას ერთი წლით ახანგრძლივებდნენ ხოლმე. გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებს უკავშირებდნენ.

პროექტი პირველად მიღებულ იქნა 18 წლის წინ, პალესტინური ინტიფადის დროს. ახლა მისი მოქმედება 7 ივლისს შეწყდება.

XS
SM
MD
LG