Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-საქართველოს წლიური დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე


6 ივლისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების საკითხებზე ყოველწლიური დიალოგის მე-14 რაუნდი. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და ევროკავშირის პოლიტიკას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართულებით.

ერთობლივ პრესრელიზში, რომელიც 7 ივლისს გამოქვეყნდა, ევროკავშირი და საქართველო აღნიშნავენ, რომ მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალური და განუყოფელია, განურჩევლად „სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენეტიკური თვისებების, ენის, რელიგიის ან მრწამსის, პოლიტიკური ან რაიმე სხვა მოსაზრებების, ქონების, დაბადების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა“.

მათ „ერთობლივად დაგმეს თბილისში 5 ივლისს მომხდარი ძალადობა სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრთა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რის გამოც აუცილებელი გახდა LGBTIQ პრაიდ მარშის გაუქმება. ეს თავდასხმები დაუშვებელია“, ვკითხულობთ პრესრელიზში.

ევროკავშირმა და საქართველომ კვლავ დაადასტურეს, რომ „ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ქმედითი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს“.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს ძალადობრივი თავდასხმების თაობაზე გამოძიება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სიძულვილის ენის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობისკენ მოწოდების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

ვიდეოკონფერენციაზე შეეხნენ Covid-19-თან დაკავშირებულ პრობლემებს. ისაუბრეს იმაზე, რომ პანდემია სულ უფრო მეტად ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. ის კიდევ უფრო აღრმავებს უკვე არსებულ უთანასწორობას და კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას დაუცველი ჯგუფების წევრებზე.

ევროკავშირმა კვლავ „დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“. საუბარი შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების პრობლემებს.

მხარეები გამოვიდნენ მოწოდებით, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლდნენ ზაზა გახელაძე, ირაკლი ბებუა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეები.

ამავე დროს მათ გაიხსენეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რუსეთმა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აკონტროლებდა ვითარებას საქართველოს კუთვნილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი. მათ რუსეთს მოუწოდეს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების პირობები.

ევროკავშირმა და საქართველომ ისაუბრეს უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებზე. ევროკავშირი მიესალმა 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიას და გამოვიდა მოწოდებით, კვლავაც გაუმჯობესდეს საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სფეროში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა და მომსახურებებზე წვდომა.

ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „დროული განხორციელება 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი. მან მაღალი შეფასება მისცა დღემდე მიღწეულ წინსვლას, განსაკუთრებით საარჩევნო რეფორმების სფეროში, და გამოვიდა მოწოდებით, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები“.

მხარეები შეთანხმდნენ თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს, პოლიტიკური პლურალიზმისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, რაც „წინაპირობაა დემოკრატიული არჩევნების, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად“.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს მოუწოდა, გააძლიეროს ძალისხმევა დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესაწყვეტად, მათ შორის ისეთებისა, რომლებიც ემყარება გენდერულ და სექსუალურ ორიენტაციას. მან საქართველოს „მოუწოდა ყველაზე დაუცველ ვითარებებში მყოფთა, მათ შორის LGBTI პირების დაცვისკენ და უკეთესი ინტეგრაციისკენ“. ევროკავშირმა საქართველოს ასევე მოუწოდა, საკანონმდებლო დონეზე და კოორდინირებული ძალისხმევით რეალურად გაუუმჯობესოს ცხოვრება შშმ პირებს.

ევროკავშირმა აღნიშნა საქართველოს წარმატება ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრესრელიზში აღნიშნულია ასევე, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას შრომის უსაფრთხოების დაცვის სფეროში, რაც აისახება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ამ კანონმდებლობის აღმასრულებელი შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნაში.

ევროკავშირმა აღნიშნა „სერიოზული წინსვლა“, რომელსაც მიაღწია საქართველომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის საქმეში.

მხარეები შეთანხმდნენ, „ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ითანამშრომლონ მულტილატერალურ გარემოშიც, მათ შორის გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში და შეთანხმდნენ მულტილატერალიზმის გაძლიერების მნიშვნელობაზე“.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ადამიანის უფლებების საკითხებზე შეხვედრამდე ევროკავშირი გაეცნო საქართველოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოს.

ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ევროკავშირის დელეგაციას - ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი.

ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის შემდეგი დიალოგი 2022 წელს გაიმართება ბრიუსელში.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG