Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური 5 ივლისს პოლიციელთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობაზე: ფიზიკურად აღარ არის საშუალება


ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე და დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქალაქში გამოყვანილი იყო სპეცდანიშნულების რაზმიც და მთლიანობაში იმ დღეს 3200 სამართალდამცავი მუშაობდა.

„სპეცდანიშნულების რაზმი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც რობოკოპებში ჩაცმულებმა უნდა იარონ. ეს არიან პოლიციელები ჩვეულებრივები, როცა სჭირდებათ, უნდა ჩაიცვან, აღიჭურვონ იმ აჭღურვილობით, რაც აქვთ-ეს პლასტმასები, ხელკეტები და სხვა“, - უთხრა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე რატომ არ გაიზარდა სამართალდამცავთა რაოდენობა საჭიროების შესაბამისად, მინისტრმა განაცხადა, რომ ამის საშუალება ფიზიკურად აღარ არის. მისი თქმით, 5 ივლისს პოლიციამ სამართალდამცველთა მაქსიმალური რაოდენობა, 3200 პოლიციელი გამოიყვანა ქუჩაში:

„იყო თავიდან 3 ლოკაცია, მერე გახდა ბოლოს 8 ლოკაცია და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 20 ლოკაციაზე რომ გაანაწილო 3200 კაცი გამოვა დაახლოებით 150 ადამიანი ერთ ლოკაციაზე“, - უთხრა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია გააცნო.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG