Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია განმარტავს, რატომ არ იყო 6 ივლისს რუსთაველზე გამართულ აქციაზე


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა 5 და 6 ივლისს, როცა მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ კარვებს არბევდნენ და მოქალაქეებზე, მედიაზე ძალადობდნენ და როცა მოქალაქეებმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების დასაგმობად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გამართეს რუსთაველის გამზირზე. მელიას განმარტებით, 5 ივლისს ის თბილისში არ იმყოფებოდა და რომც ყოფილიყო, დიდს ვერაფერს გააკეთებდა, 6 ივლისს აქციაზე კი არ გავიდა იმისთვის, რომ დაძაბული ვითარება კიდევ უფრო არ დაეძაბა.

ნიკა მელიას მტკიცებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის იქ ყოფნას განსაკუთრებული დაძაბულობა მოჰყვებოდა და, შეიძლება, სისხლიც კი დაღვრილიყო. მისი თქმით, თუკი ის აქციაზე გამოჩნდებოდა, პოლიცია კორდონს, რომლითაც მშვიდობიან აქციას მოძალადე ჯგუფების კონტრაქციისგან ყოფდნენ, მოშლიდა და ამის დავალებას მმართველი პარტიიდან მიიღებდნენ სამართალდამცველები.

„მქონდა ინფორმაცია, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას და მეტიც, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი ისე, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი გაიხსნებოდა, როცა ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, უმრავლესობა, იყვნენ მართულები და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც ასევე მართულია.

დილიდან იყო კამპანია დაწყებული, რომ ენმ იდგა ამ ყველაფრის უკან. აფრიალებდნენ ორ ფოტოს, სადაც მე ვიყავი ორ ახალგაზრდასთან, ვინც იყვნენ მოძალადეების მხარეს. იმასაც კი არ ერიდებოდა პროპაგანდა, ნიკა მელიას ახლობლები არიან ორივე მხარეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ თქვა (მათ შორის 5 ივლისს, მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებაში, სადაც თქვა, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს), რომ ვითარების დაძაბვა "დესტრუქციული ძალების" ინტერესში შედიოდა და ეს იყო "მიზანმიმართული პროვოკაცია," რომელსაც "რადიკალური ოპოზიცია" აწყობდა.

6 ივლისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ს ლიდერები არ გამოჩენილან - ამ აქციას ესწრებოდნენ მოძრაობა "დროას", "გირჩის", ევროპული საქართველოს, ლელოს წევრები.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. "ღირსების მარში" 5 ივლისს არ ჩატარებულა, 6 ივლისს ლგბტქ+ თემის წევრები პარლამენტის წინ გამართულ აქციას შეუერთდნენ, რომელიც კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG