Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ 4 პირისთვის


ბრალდებული აკაკი ნაკაშიძე
ბრალდებული აკაკი ნაკაშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი.

პროკურატურა აკაკი ნაკაშიძის, ილია ქებაძის, თემურ ხარაულის, თორნიკე დავრაშელიძის პატიმრობას მოითხოვს.

ბრალდებული თემურ ხარაული
ბრალდებული თემურ ხარაული

„მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია ვინმემ შეძლოს თავდებობა, გირაოს ვერანაირი ოდენობა ვერ შეაკავებს მათ ქმედებას. მათი ქმედება გამოიხატა კომპლექსურ ძალადობაში, გვყავს არაერთი დაზარალებული. ბრალდებულის მხარეს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იყოს უმკაცრესი ზომა - პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე მოსამართლე რომან ხორავა მსჯელობს.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულების მოთხოვნა იყო ჟურნალისტებს არ გაევრცელებინათ გადაღებული მასალა. „მათ იცოდნენ, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ და მაინც შეუშალეს ხელი“.

ბრალდებული თორნიკე დავრაშელიძე
ბრალდებული თორნიკე დავრაშელიძე

„ეს დანაშაული ჩადენილი იქნა სიძულვილით. ტვ პირველის ოპერატორს სხეულის სხვა დაზიანებებს შორის ყველაზე მძიმე დაზიანება თვალის არეში აქვს. ის ამ დრომდე ვერ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. ოპერატორისთვის თვალის დაზიანება იგივეა, რაც პიანისტისთვის თითის მოტეხვა“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული ილია ქებაძე
ბრალდებული ილია ქებაძე

დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

თემურ ხარაულის ადვოკატი აცხადებს, რომ „საქმე გვაქვს შესარჩევ სამართალთან“:

„ეს ვიღაცის საამებლად არის გაკეთებული. 20-21 ივნისის საქმეზე უამრავი ადამიანი იყო დასაკავებელი და 2-3 კაცია მიცემული პასუხისგებაში. მოძებნეს ადამიანები, რომლებსაც უნდა ხელი შეახოცონ და ასიამოვნონ ევროკავშირს, გაეროს...“

ადვოკატის თქმით, ხარაული ერთი თვეც არ არის, რაც დაქორწინდა:

„აუცილებელია მისი გარეთ, მეუღლესთან ყოფნა. ვითხოვთ გირაოს გადახდას 2000 ლარს და ვადას ერთ თვეს“.

ილია ქებაძის ადვოკატიც სასამართლოს სთავაზობს გირაოს - 2000 ლარის ოდენობით და აცხადებს:

„შეუძლებელია მან დაზარალებულებზე იმოქმედოს და გაანადგუროს მტკიცებულებები. მისი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ 5 ივლისს ის უამრავ ადამიანთან ერთად აპროტესტებდა“.

8 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.

ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის - 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG