Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავიცვათ ბავშვები დელტასგან - იგეგმება თუ არა მოზარდების ვაქცინაცია?


მაშინ, როდესაც მსოფლიოში COVID19-ის ინდური, დელტა შტამი ხდება დომინანტი, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, გაცილებით ადვილად გადამდებია, მშობლების, პედიატრების, იმუნოლოგების ერთ-ერთი მთავარი კითხვა და საზრუნავი ახლა ისაა, როგორც დავიცვათ არავაქცინირებული ბავშვები კორონავირუსის დელტა შტამისგან და მისგან გამოწვეული გართულებებისგან? დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დელტა შტამი ადვილად გავრცელდა ბავშვებსა და მოზარდებში, სწორედ ისაა, რომ მათ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა არ აქვთ გაკეთებული.

მაგალითად, აშშ-ის ექიმები შიშობენ, რომ შემოდგომაზე, როდესაც სასწავლო წელი განახლდება, შესაძლოა ქვეყანაში COVID19-ის აფეთქება დაიწყოს, განსაკუთრებით კი ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც ვაქცინაციის რიცხვი დაბალია. ამასვე შიშობენ დიდ ბრიტანეთში.

მინიმალური ასაკი კოვიდ-ვაქცინით აცრისა, ჯერჯერობით 12 წელია. თუ არ ჩავთვლით ჩინეთს, რომელმაც 5 ივნისს, მწვანე შუქი აუნთო ჩინური წარმოების „სინოვაკს“ სამიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. „ფაიზერი“ კი ახლა იწყებს გამოკვლევებს სამიდან 11 წლამდე ასაკში ვაქცინის გამოყენებისათვის.

12 წლიდან ვაქცინაცია დაშვებულია შემდეგ ქვეყნებში

საფრანგეთი - 12 წლიდან ბავშვები მშობლების მოთხოვნის საფუძველზე იცრებიან;

გერმანია - 10 ივნისს, ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტმა დაუშვა, რომ ბავშვები 12 წლიდან, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, აცრან „ფაიზერით“;

ავსტრია გეგმავს აგვისტოს ბოლოსთვის აცრას 12-15 წლის 340 ათასი მოზარდი;

იტალია - 12-15 წლის მოზარდები იტალიაში 31 მაისიდან იცრებიან კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით „ფაიზერი“;

ესპანეთი გეგმავს 12 წლიდან აცრები დაიწყოს სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე;

დიდი ბრიტანეთის რეგულატორმა უკვე დაამტკიცა „ფაიზერი“ 12-15 წლის მოზარდებში;

შვეიცარიამ 4 ივნისს მიიღო 12-15 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრის გადაწყვეტილება;

ისრაელმა 6 ივნისიდან დაიწყო 12-15 წლის მოზარდების აცრის კამპანია, თუმცა, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ისრაელში მანამდეც იცრებოდნენ 16 წლამდე მოზარდები;

დუბაი მაისის შუა რიცხვებიდან ცრის 12-15 წლის მოზარდებს ამერიკული ვაქცინით, „ფაიზერით“;

სინგაპურმა პირველი ივნისიდან დაიწყო 12-15 წლის მოზარდების აცრა;

იაპონია 28 მაისიდან ცრის 12-15 წლის მოზარდებს „ფაიზერით“;

ფილიპინებმა 26 მაისს მიიღო გადაწყვეტილება 12-15 წლის მოზარდების აცრისა;

ბრაზილია 12 წლიდან მოზარდებს „ფაიზერით“ ცრის;

ჩილე - 12 წლიდან მოზარდების აცრა ნებადართულია „ფაიზერით“;

აშშ - 12 წლიდან მოზარდების აცრა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო;

კანადამ მაისის დასაწყისში დაიწყო 12-15 წლის მოზარდების „ფაიზერით“ აცრა;

COVID19, დელტა, ბავშვები და საქართველო

9 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებული სამი ჩვილი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. აქედან ერთს დელტა შტამი აქვს დადასტურებული, მეორეს ბრიტანული შტამი, მესამეს შემთხვევაში ჯერ კვლევა არ დასრულებულა. როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, კლინიკაში გარდა ამ სამი ბავშვისა, დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდით ინფიცირებული 65 მოზარდი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.

პროფესორი ივანე ჩხაიძე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მეორე ტალღისგან განსხვავებით, მესამე ტალღისას ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა გაცილებით რთულია:

„ახლანდელი მიმართვიანობა, განსაკუთრებით სტაციონარულ მიმართულებას ვგულისხმობ, ხასიათდება უფრო მეტი სიმძიმით, ეს ნამდვილად ასეა“.

იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული პაციენტის კვლევა, ე.წ. სექუენირება შტამებზე არ ხდება, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში დომინირებული ბრიტანული შტამიდან გამომდინარე, უმეტესი მათგანი სწორედ ამ შტამით უნდა იყოს ინფიცირებული. რაც შეეხება ინდურ შტამს, რომელიც ამჟამინდელი გათვლებით, საქართველოში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა 15-20%-ს აქვს, ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ ის გაცილებით მეტ პრობლემას შექმნის და განსაკუთრებით, ბავშვებში, ისევე, როგორც ეს მოხდა სხვა ქვეყნებში.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ 18 წლიდანაა დაშვებული კოვიდ-ვაქინაცია, იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ დაცულნი, აუცილებელია, რომ მათ გარშემო, უფროსი ასაკის მოსახლეობა მაქსიმალურად დროულად აიცრას:

„ბავშვების დაცვა ახლა შეუძლიათ, მხოლოდ და მხოლოდ, მშობლებს, მათ გარშემო მყოფ უფროსი ასაკის ხალხს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ბავშვები არა მარტო დელტა ვარიანტისგან, არამედ ზოგადად, კოვიდისგან. ეს არის იდეალური შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ მშობლები, რომ აღარ არის უკვე საქმე ისე, რომ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე აგებდნენ პასუხს, რადგან საფრთხის წინაშე უკვე დადგნენ ბავშვები. მშობელი პასუხისმგებელია ბავშვის ჯანმრთელობაზე. არავაქცინირებული მშობელი რისკია მისი შვილისთვის“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ დელტა შტამი ბავშვებში კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მისი თქმით, ზოგადად, ბავშვებში კოვიდით ინფიცირების ძირითადი წყარო მშობლები არიან, სწორედ ამიტომ ისიც ვაქცინაციისკენ მოუწოდებს მშობლებს.

რაც შეეხება ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს, ამირან გამყრელიძის თქმით, 9 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში დელტა შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული:

„თანდათან მატულობს როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ჩვენთანაც დელტა შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, მიმოსვლა, ამიტომ ვერ დავიცავთ თავს, რომ არ შემოვიდეს ეს შტამი და პროგნოზით ასეთია, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოსკენ დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში დღეს არსებულ ბრიტანულ შტამს“.

იგეგმება თუ არა საქართველოში ბავშვების 12 წლიდან ვაქცინაციის დაწყება?

ამისათვის, პირველ რიგში, ქვეყანაში შესაბამისი ხარისხის ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ჯერჯერობით, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი 12 წლიდან ბავშვების ასაცრელად, მხოლოდ და მხოლოდ, „ფაიზერს“ იყენებს.

ხელისუფლების განცხადების თანახმად, ქვეყანამ „ფაიზერთან“ ერთ მილიონ ვაქცინაზე გააფორმა ხელშეკრულება. თუმცა, როდის და რა დოზებით შემოვა ქვეყანაში ეს ვაქცინა, უცნობია. მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია და დეტალებს ვერ გაამხელენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებდა, რომ „ფაიზერი“ საქართველოში ივლისის პირველ კვირაში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი პროგნოზი არ გამართლდა.

რაც შეეხება 12 წლიდან მოზარდების აცრის გადაწყვეტილებას, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შემოდგომიდან ამ საკითხზეც დაიწყოს ქვეყანამ ფიქრი:

„რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-მ, კანადამ, ისრაელმა, იტალიამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12 წლიდან მოზარდებშიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება „ფაიზერის“ საკმარისი დოზები და შესაძლებელია, შემოდგომიდან ამაზეც ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, დავეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, - აცხადებდა ამირან გამყრელიძე ივნისის ბოლოს.

ამისათვის კი ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფს (NITAG) უნდა მიმართოს.

ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებები მიმართავენ NITAG-ს, ჩატარდება შეხვედრა და გადაწყდება არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ პროცესში ჩაერთოს პედიატრიული ასაკის მოსახლეობაც:

„ჩვენ ყველა გამოკვლევას ვეცნობით და როგორც კი მომართვა იქნება, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მოვიძიოთ დეტალური ინფორმაცია და მივცეთ შესაბამისი რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოს. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა საკმარისი რაოდენობის „ფაიზერი“, ქვეყანაში 12 წლიდან ასაკის ბავშვების აცრაც იქნება ნებადართული. თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინების რაოდენობა. ეს ვაქცინები ჩვენ დათვლილი გვაქვს მოზრდილ მოსახლეობაზე. ამიტომ აქ შეიძლება იყოს არა თეორიული, არამედ პრაქტიკული დაბრკოლება, რადგან შესაძლოა, არ იყოს, სათანადო რაოდენობის ვაქცინა. თუმცა, ეს საკითხი აუცილებლად განიხილება, რადგან სხვანაირად ჩვენ პანდემიის პროცესის დასრულებას ვერ განვიხილავთ. პანდემიის პროცესის დასრულება ბავშვების ვაქცინაციაზე გადის“.

მოზარდების შესაძლო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, 9 ივლისს განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომ საქართველო გაიზიარებს საერთაშორისო პრაქტიკას. მისი თქმით, ამ საბაბით, უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესთან და ვაქცინაციის კალენდართან დაკავშირებით.

სანამ მოზარდების ვაქცინაცია დაწყებულა

ივანე ჩხაიძე გაუმართლებელ გადაწყვეტილებას უწოდებს გარე სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნის გადაწყვეტილებას. ის ამბობს, რომ ნიღბის ტარების მოხსნის გადაწყვეტილება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფს არ მიუღია, ამბობს, რომ ეს არ არის სამედიცინო გადაწყვეტილება და მოუწოდებს საზოგადოებას გააგრძელონ ნიღბის ტარება ღია სივრცეებშიც. განსაკუთრებით კი იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს:

„მათ შორის, ლაპარაკია 6 წელს ზევით ბავშვებზეც. ეს რეკომენდაცია გვქონდა ჩვენ პანდემიის დასაწყისშიც და ეს რეკომენდაცია გვაქვს ახლაც. ღია სივრცეში ნიღბის ტარების მოხსნის რეკომენდაციას იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი მაშინ გასცემს, როდესაც საქართველოში მოსახლეობის 40% აიცრება. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ძალიან ადრე მივიღეთ“.

ივანე ჩხაიძის თქმითვე, ამ ეტაპზე, უმჯობესია, თუკი მშობლები თავს შეიკავებენ ბავშვების დიდი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, საზაფხულო ბანაკებში გაშვებისგან, რადგან თვლის, რომ ნებისმიერი მსგავსი სივრცე, განსაკუთრებით კი დახურული სივრცეები ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

9 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ ვაქცინირებულია 289 399 ადამიანი. მათგან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 113 895. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე საქართველომ მოსახლეობის 60%-ის, ანუ მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა უნდა მოასწროს. დღესდღეობით, საქართველოში აცრა შესაძლებელია მხოლოდ ჩინური „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამ ვაქცინით მხოლოდ ის ადამიანები იცრებიან, ვისაც პირველი დოზიდან 10-12 კვირა გასდის. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG