Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიკა წივწივაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს ბრალეულობა დაადგინა


სახელმწიფომ დაარღვია სიცოცხლის უფლება - ასეთი დასკვნა გამოიტანა 8 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ მარიკა წივწივაძის საქმეზე. ილიაუნის ლექტორი მარიკა წივწივაძე 2014 წელს მეუღლემ მოკლა. სიკვდილამდე მარიკამ 11-ჯერ დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, რომ ქმარი ემუქრებოდა.

„სავალალოა, სამწუხაროა, ორმაგი კრახია... ასეთ სიტყვებს ხმარობს სტრასბურგის სასამართლო. აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო საერთოდ არ დაინტერესებულა იმ პოლიციელების იდენტიფიცირებითაც კი, რომლებმაც გულგრილობა გამოიჩინეს და არც სასამართლოში მიუცია ისინი“, - ამბობს „საფარის“ იურისტი ნათია გამხიტაშვილი.

ლაშა მაღრაძე მარიკა წივწივაძის ფაქტობრივი მეუღლე იყო. ქორწინება რეგისტრირებული არ ჰქონდათ. ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ მუდმივი ძალადობის გამო მარიკამ სახლი ერთ წელიწადში დატოვა და საცხოვრებლად დედასთან გადავიდა, მაგრამ ლაშა მას არც იქ შეშვებია. მუდმივად ემუქრებოდა და თავსაც ესხმოდა. გამოძახებაზე მისული პოლიციელები კი ფაქტობრივად არაფერს აკეთებდნენ. მაგალითად, ერთხელ პატრულმა მაკას და დედამისს განუცხადა, რომ მოძალადის დაჭერის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ მაღრაძე მაკას დაარტყამდა ან დაასახიჩრებდა. კიდევ სხვა შემთხვევაში მაკას დედას, თალიკოს თხელიძეს, ერთ-ერთმა პატრულმა კონფლიქტის მოსაგვარებლად ვაჟიშვილების ჩარევაც ურჩია.

შედეგად, 2014 წლის 17 ოქტომბერს ლაშა მაღრაძემ მარიკას ილიაუნიში მიაკითხა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა.

„საფარში“ აცხადებენ, რომ ამ ფაქტიდან ორი წლის განმავლობაში ორგანიზაცია ითხოვდა პასუხისგებაში მიეცათ ის პოლიციელები, რომლებმაც გულგრილობა გამოიჩინეს. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაია პატარაია ამბობს, რომ დღემდე მათი ვინაობაც კი არ არის ცნობილი. სწორედ ამ მიზეზების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლისთვის საქართველოში ოჯახური ძალადობის კუთხით სისტემური პრობლემები იყო. ბაია პატარაია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრეცედენტული, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

„ახლაც გვაქვს პრობლემები. სექსუალური ძალადობის საქმეებზე ახლა ისეთივე მასშტაბური პრობლემები გვაქვს, როგორიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გვქონდა 2014 წელს და ამასთან დაკავშირებითაც გვინდა სტრასბურგს მივმართოთ“, - ამბობს ბაია პატარაია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში მარიკა წივწივაძის დედას თალიკო თხელიძეს მორალური კომპენსაციის სახით 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG