Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის დროშაზე თავდასხმა - ქმედება საქართველოს წინააღმდეგ


საქართველოს და ევროპის დროშები. თბილისი, ევროპის მოედანი.
საქართველოს და ევროპის დროშები. თბილისი, ევროპის მოედანი.

ავტორი: ეთუნა ცინცაძე-მაასსი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი. "ოლდ დომინიონის" უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო საერთაშორისო პროგრამების დირექტორის მოადგილე

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა საფუძველი ეყრებოდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის ფორმირების მთავარი ვექტორი იყო რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლება და ევროპაზე ორიენტირება. პირველმა თანამედროვე, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ მაშინ მკაფიო არჩევანი გააკეთა. საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების შემდეგ გამართულ დამფუძნებელი კრების სადღესასწაულო სხდომაზე ნოე ჟორდანიამ კიდევ ერთხელ განმარტა: „ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს. ...გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!“ (სადღესასწაულო სხდომა, 14 იანვარი, 1920).

ერთი საუკუნის შემდეგ, 2021 წლის 5-6 ივლისს, ულტრამემარჯვენე ძალების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს, ევროპის დროშის ხელყოფაც მოხდა. ბუნებრივია, ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ესა თუ ის დროშა, იზიარებდნენ ან არ იზიარებდნენ ამა თუ იმ დროშის მიღმა ნაგულისხმევ ღირებულებებს. რატომ მოჰყვა ევროპის დროშის ხელყოფას ამხელა აჟიოტაჟი? რატომ დასწყვიტა ამ ქმედებამ გული საქართველოს უამრავ მოქალაქესა და ქომაგს? მთავრობის სახლის წინ აღმართული ევროპის დროშა წარმოადგენს ქვეყნის ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს. ეს დროშა არ არის ერთი კონკრეტული მთავრობის კონკრეტული საგარეო პოლიტიკის სიმბოლო, არამედ ეს არის ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის სიმბოლო, რომელიც საქართველოს ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად, ამ დროშის ხელყოფას ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს.

1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ და შემდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ გაამყარა საქართველოს კოლექტიურ ცნობიერებაში რუსეთი, როგორც ცენტრალური მტერი, რომელმაც მოსწყვიტა დემოკრატიული საქართველო ევროპულ ორბიტას.

მოგვიანებით საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლებაც იმავე ელფერს იძენს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველი ოთხი აბზაცი ეძღვნება რუსეთის (რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის), როგორც მთავარი მტრის, წარმოჩენას. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის წარდგენის წინ ზვიად გამსახურდია თავის, დაახლოებით, ერთსაათიანი მიმართვის დიდ ნაწილს უთმობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი გამოცდილების ისტორიულ მიმოხილვას, სადაც იგი შეახსენებს მსმენელს, რომ რუსეთი იყო და არის საქართველოს მთავარი მტერი, ხაზს უსვამს 1918-1921 წლებში საქართველოს დემოუკიდებლობის გამოცდილების მნიშვნელობას და მაშინდელი ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკურ კავშირებს. გამსახურდიას ამ მიმართვაში ჩანს იმედი, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ისევ მოიპოვებს ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერას (ზვიად გამსახურდია, 9 აპრილი, 1991).

საქართველოს უახლეს ისტორიაში, სოციო-პოლიტიკური ქარტეხილების მიუხედავად, იყო შედარებით სტაბილური მახასიათებლებიც. აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ რამდენიმე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გვყავდა - ყველა თავისი წილი ნაკლოვანებებით, შეცდომებითა და სულაც დანაშაულებით. და მაინც, ბოლო 30 წლის მანძილზე (გარკვეული ვარიაციებით სხვადასხვა მთავრობების დროს) ქვეყნის კურსი, საერთო ჯამში, იყო პროდასავლური და ანტირუსული. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო და რჩება ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას წარმოთქმული ფრაზა „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ (ზურაბ ჟვანია, 27 იანვარი, 1999) ისევ რელევანტურია და გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ზოგად განწყობას.

ამ ისტორიული გამოცდილებისა და მოსახლეობის დღევანდელი განწყობების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროპის დროშის დაწვას მწვავე ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად ულტრამემარჯვენე და პრორუსული ძალების გააქტიურებისა, დიდი ალბათობით, მათი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ქმედებები, რაც ხშირად კრიმინალურ და ძალადობრივ ფორმებს იღებს, საპირისპირო შედეგს გამოიღებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყანაში პროდასავლურ მობილიზაციას. დღევანდელმა მთავრობამ კი, თუნდაც დემოკრატიის ისეთი დაბალი ხარისხის პირობებში, როგორიც ამჟამად გვაქვს, წესით, უკეთ უნდა გაიაზროს და ასახოს თავის ქმედებებში მოსახლეობის ისტორიულად განმტკიცებული პროდასავლური და ანტირუსული მისწრაფებები.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG