Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: პანდემიის გამო მსოფლიოში მშიერი ადამიანების რიცხვი გაიზარდა


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს,რომ მსოფლიოში 2020 წელს მკვეთრად გაიზარდა მშიერი ადამიანების რიცხვი, რაც დიდწილად განპირობებული იყო COVID-19-ის გავლენით სურსათის ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე.

”რეალობა მოსალოდნელზე უარესია”, - განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მთავარმა ეკონომისტმა არიფ ჰუსეინმა. ”მხოლოდ ერთ წელიწადში ქრონიკული შიმშილით დაავადებულთა რიცხვი მეტად გაიზარდა, ვიდრე წინა ხუთი წლის განმავლობაში.”

გაეროს ხუთი სააგენტოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშით, რომელიც სურსათის უსაფრთხოებას შეეხება, გასულ წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედს არ ჰქონდა საკმარისი საკვები. მშიერი ადამიანების რაოდენობამ 2.37 მილიარდს მიაღწია, ერთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 320 მილიონითაა გაზრდილი. გაეროს თანახმად, ქრონიკული შიმშილის შემცირებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ აზია და აფრიკა.

”მშივრების ნახევარზე მეტი - 418 მილიონი - ცხოვრობს აზიაში, მესამედზე მეტი კი აფრიკაში - დაახლოებით 282 მილიონი”, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

განსაკუთრებით დაზარალდნენ ბავშვები. პანდემიის დროს სკოლების დახურვის გამო მილიონობით ბავშვმა დაკარგა სასკოლო სადილი, რაც ბევრისთვის ერთადერთი გარანტირებული ყოველდღიური კვება იყო.

პანდემიის გარდა, მსოფლიოს სასურსათო უზრუნველყოფის გაუარესებაზე, გაეროს თანახმად, გავლენა მოახდინა ასევე კონფლიქტებმა და კლიმატის ცვლილებებმა.

გაეროს შეფასებით, 43 ქვეყანაში დაახლოებით 41 მილიონი ადამიანია შიმშილის ზღვარზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG