Accessibility links

site logo site logo

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა მიმდინარეობს


ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში 101-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

მისი განცხადებით, 101-ე შეხვედრის საკვანძო საკითხს წარმოადგენს ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი.

,,დღევანდელი შეხვედრის მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს ჩვენი თანამოქალაქეების - ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი, რათა ისინი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. პროცესს აქვს დინამიკა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრებზე, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად, პროცესში არის გარკვეული დინამიკა, რიგი მიზეზების გათვალისწინებით, მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. როგორც აღვნიშნე, დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება აქტიური განხილვის საგანი. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხება წინა შეხვედრიდან დღემდე, პრაქტიკულად ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მათ შორის, აქტიურ ფაზაში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 101-ე შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე დღის წინ გამართული ტექნიკური შეხვედრა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG