Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი გახელაძის გათავისუფლებისას: მადლობა პატრიარქს!


"მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა თავისუფალია. მინდა მადლობა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს, მადლობა პატრიარქს, მადლობა პრეზიდენტს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს!" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისას. ზაზა გახელაძე რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და ეპისკოპოს ანდრია გვაზავასთან ერთად.

ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რის სანაცვლოდ გაათავისუფლა დე ფაქტო რეჟიმმა ზაზა გახელაძე. სააგენტო "რეს"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ქართულმა მხარემ "სამხრეთის ოსეთის მოქალაქე" გობოზოვში გაცვალა, რომელიც გუშინ გადავიდა ცხინვალში.

ღარიბაშვილმა არ უპასუხა არც მის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას. "ბატონო ირაკლი, როდის გადადგებით?" - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა ერგნეთის საგუშაგოსთან.

11 ივლისს 1 წელი გახდა, რაც ზაზა გახელაძე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. დე ფაქტო რეჟიმი ამბობს, რომ მათ გახელაძე სწორედ კირილის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.

XS
SM
MD
LG