Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადანაწილდა 28 000 დოზა „ფაიზერი“ - ჯანდაცვის სამინისტროს ვერსია


13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა. ინფორმაცია ქვეყანაში „ფაიზერის“ შემოსვლის შესახებ ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო. ვაქცინის ჩამოსვლის თაობაზე განცხადება 14 ივლისს, დილით გაკეთდა. მოგვიანებით, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში ჩამოსული ვაქცინების რაოდენობა დააკონკრეტა და თქვა, რომ 28 000 დოზა ვაქცინა, რომელიც პირველ ეტაპზე მივიღეთ, ორად გაიყოფოდა. ანუ, 14 000 დოზა ვაქცინით აიცრებოდა 14 000 ადამიანი, ვაქცინების დარჩენილი რაოდენობა, 14 000 დოზა კი მათ მეორე დოზით აცრას მოხმარდებოდა.

ხანგრძლივი გამოდგა ამ 28 000 დოზა „ფაიზერის“ მოლოდინი. ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე ორმხრივი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. შემდეგ თქვეს, რომ „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა. ამას მოჰყვა განცხადება მილიონ დოზა „ფაიზერზე“ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. თუმცა, ყველა ამ ეტაპს თან მოსდევდა ფრაზა - „ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია“, შესაბამისად, როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის, ბოლომდე უცნობი დარჩა, როდის და რა რაოდენობით შემოვიდოდა ქვეყანაში ამერიკული წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა - ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ვაქცინა, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში უნდა შემოსულიყო და ოქტომბრის ბოლომდე, საერთო ანგარიშით, „ფაიზერის“ მილიონ დოზას მივიღებდით.

„ფაიზერზე“ რეგისტრაცია 14 ივლისს, 15 საათზე გაიხსნა. თუმცა, „გაიხსნა“, შეიძლება ითქვას, რომ პირობითი ნათქვამია, რადგან პირველივე წუთებიდან, ისევე, როგორც წინა ჯერზე, სხვა ვაქცინებზე რეგისტრაციისას, იქნებოდა ეს „ასტრაზენეკა“ თუ „სინოფარმი“, ვაქცინაზე სარეგისტრაციო პორტალმა www.booking.moh.gov.ge მარტივად რომ ვთქვათ, „გაჭედა“. მოქალაქეების ნაწილი საერთოდ ვერ ახერხებდა პორტალზე შესვლას, ნაწილი გარკვეულ ეტაპს გადიოდა, თუმცა, რეგისტრაციის დასრულებას ვერ ახერხებდა. პორტალის კვლავ გაუმართაობის გამო ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა, რომ „დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს ამ ყველაფრის გამოსწორებაზე“.

საბოლოოდ, „ნადირობა“ "ფაიზერზე" დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. საღამოს 8 საათისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ „ფაიზერზე“ ყველა ჯავშანი შევსებული იყო. შესაბამისად, პორტალზე, ვაქცინების ჩამონათვალიდან, ვაქცინა ამ სახელწოდებით, საერთოდ გაქრა.

რამდენი დოზა "ფაიზერი" განთავსდა 14 ივლისს სარეგისტრაციო პორტალზე?

იქიდან გამომდინარე, რომ „ფაიზერზე“ დარეგისტრირების მსურველების დიდმა ნაწილმა ჯავშნის გაკეთება ვერ მოასწრო, გაჩნდა ვარაუდი, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, სარეგისტრაციო პორტალზე 14 000 დოზა ვაქცინის ნაცვლად, გაცილებით მცირე ოდენობის ვაქცინა გამოიტანა.

მაინც რამდენი დოზა „ფაიზერი“ განთავსდა 14 ივლისს ვაქცინების სარეგისტრაციო პორტალზე? ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომიდან გამოსულ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუსვა. მან გვიპასუხა:

„ჯავშანი გაიხსნა 12 ათასზე. ყველა ეს დოზა განკუთვნილი იყო მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო იღებს განაცხადებს უცხოეთში მიმავალი სტუდენტებისგან, რათა აიცრან „ფაიზერით“. ასევე, გასული 2-3 თვის განმავლობაში, სამინისტროში შემოვიდა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა განცხადებები, დაახლოებით 500-600 განცხადება. ამ განცხადებებს განიხილავს იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რათა დადასტურდეს, რამდენად სასწრაფოდ არის საჭირო ამ ადამიანების კონკრეტულად „ფაიზერით“ ვაქცინაცია. ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველა მათგანის დაკმაყოფილების საშუალება არ გვქონდა. ახლა, ამ 14 ათასი დოზა ვაქცინიდან, გარკვეული დოზა ვაქცინებისა დაეთმობა სწორედ ამ ადამიანების ვაქცინაციას. აქ ლაპარაკია უმძიმეს დაავადებებზე, კარდიომიოპათია, კარცინომა, მიმდინარე ქიმიოთერაპია, კარდიოქირურგიის შემდგომი პერიოდი, ან როდესაც ადამიანი ემზადება ოპერაციული ჩარევისთვის. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი სხვა მძიმე თანმხლები დაავადებებით, ან მეორე ტიპის დიაბეტი გულის რთული დაავადებით. აქ ყველა დიაგნოზი ძალიან მძიმე და საყურადღებოა, რომლებიც, რეალურად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელოდნენ ამ ვაქცინას“.

28 ათასი დოზა „ფაიზერის“ ჩამოსვლისთანავე, გაჩნდა განცხადება იმის თაობაზეც, რომ „ფაიზერის“ მომდევნო დოზები (რაოდენობა კვლავ არ დაკონკრეტებულა), საქართველოში უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდეს. თუკი ამის გარანტია არსებობს, მაშ, რატომ მიიღო ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტილება, რომ ამ 28 ათასი დოზა ვაქცინით აეცრა არა 28 ათასი მოქალაქე, არამედ შუაზე გაეყო ვაქცინები 14 ათასი ადამიანის მეორე დოზით ასაცრელად?

თამარ გაბუნია რადიო თავისუფლებას პასუხობს:

„მიღებული დოზები იყოფა ორად, რადგან მწარმოებელი გადაზღვევის მიზნით, რეკომენდაციის სახით ითხოვს, რომ მეორე დოზისთვის საჭირო ვაქცინები შევინახოთ, რათა მოქალაქეებისათვის სრულად ვაქცინირება იყოს გარანტირებული“.

მაინც, როდის შემოვა „ფაიზერის“ მომდევნო დოზები? ამ კითხვაზე თამარ გაბუნია ასე გვპასუხობს:

„ხვალ და ზეგ, სავარაუდოდ, არა. კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება აეროპორტში, ვერ გეტყვით. მომდევნო კვირიდან, აქტიურად იქნება შესაძლებლობა, რომ კვლავ დარეგისტრირდნენ მოქალაქეები და კიდევ უფრო მომდევნო დღეებში, იმდენი იქნება ვაქცინა, რომ რეალურად, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება რეგისტრაციისას. "ფაიზერის" მოწოდება ჯერ მხოლოდ დაიწყო და მილიონი დოზა, რომელიც პირდაპირი ხელშეკრულებით გვაქვს შესყიდული, ეტაპობრივად მოგვეწოდება. მათ შორის, უდიდესი ნაწილი უმოკლეს პერიოდში. იმედი მაქვს, რომ ისეთი პრობლემები, როგორიც გუშინ შეიქმნა საიტთან დაკავშირებით, სამომავლოდ გამოსწორდება. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ალტერნატიულ მექანიზმებსაც, მათ შორის, სატელეფონო ან პირად რეგისტრაციას, მას შემდეგ, რაც დოზები იქნება იმ რაოდენობით, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი არ იყოს“.

რამდენი დოზა „ფაიზერი“ შემოვა „მომდევნო დღეებში“? - თამარ გაბუნია გვეუბნება, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მას არ აქვს საშუალება კონკრეტულ დოზებზე ილაპარაკოს:

„ერთი მხრივ, მე მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ტიპის ინფორმაციის გაცემა შეზღუდულია ხელშეკრულების ფარგლებში. ჩემთვის და სამინისტროსთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვაქცინაციის პროცესი არ დაზარალდეს და ეს ხელშეკრულებები, რომლებზეც ჩვენ ჩვენი წილი ვალდებულებები გვეკისრება, ბოლომდე პირნათლად შევასრულოთ, რომ არანაირი შეფერხება ვაქცინის მოწოდებისას არ შეგვექმნას“.

"28 ათას დოზაზე მეტი შემოვა თუ ნაკლები? იქნებ ეს მაინც გვითხრათ", - ვეუბნებით თამარ გაბუნიას, თუმცა, ის კვლავ იმეორებს: „არა, არ შემიძლია ამის თქმა. სულ უნდა ჩამოვიდეს მილიონ 350 დოზა ვაქცინა. ამ დოზების უდიდესი ნაწილი უნდა მივიღოთ მესამე კვარტალში, მიმდინარე პერიოდში“.

„ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას, შესანახად -80 გრადუსიანი მაცივრები სჭირდება. ასეთი მაცივრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია და ჯამში, 200 ათასი დოზა ვაქცინის დასაწყობებაა შესაძლებელი. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება ასაცრელ პუნქტებში. -80 გრადუსიანი მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ვაქცინა მაქსიმუმ 5 დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფუნქციას კარგავს.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო. ვაქცინის ეს დოზები მაშინაც ორად გაიყო - პირველი და მეორე დოზისთვის. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ფაიზერით“ ორჯერადად აცრილია სულ 14 603 ადამიანი. „ფაიზერის“ ახალი დოზებით ვაქცინაციის პროცესი 16 ივლისს განახლდება.

რაც შეეხება მთლიანად ვაქცინაციის პროცესს, 15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში აცრილია 324 802 ადამიანი. მათგან სრულად, ანუ ორჯერადად 123 848. საქართველოს ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ქვეყანამ მოსახლეობის 60%-ის აცრა უნდა მოახერხოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG