Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა ხალხს


დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს, პარლამენტის წინ ძალადობისკენ მოუწოდებდა მოძალადე, ნაცონალისტურ, ჰომოფობიურ, პრორუსული ჯგუფების წევრებს, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად მივიდა. მან 5 ივლისს, რუსთაველზე შეკრებილ სიძულვილის ჯგუფებს ტრიბუნიდან შემდეგი სიტყვებით მიმართა: "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის".

სასულიერო პირი არ პასუხობს კითხვას, დღესაც გააკეთებდა თუ არა იმავე შინაარსის განცხადებას, მისი ადვოკატი კი მედიას ეუბნება, რომ მოძალადეები თავად ჟურნალისტები არიან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი არა მედიაზე, არამედ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას.

"არანაირი მოწოდება არ ყოფილა ჟურნალისტების, ან ვინმე სხვა პირების მიმართ ძალადობაზე. ქვეყნის წინააღმდეგ ვინც იბრძვის, იმის წინააღმდეგ იყო [მოწოდება ძალადობაზე]. ქვეყანას რომ ვინმე დაესხას თავს, იარაღით ხელში ...[] ძალადობა არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა. კითხვაზე პასუხს გაძლევთ, არ გაკმაყოფილებთ და კიდევ მისვამთ", - თქვა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს 9 ივლისს საპატრიარქომ "საყვედური გამოუცხადა" მისი საჯარო მოწოდების გამო, თავად დეკანოზმა ფეისბუკლაივით მოიხადა ბოდიში და თქვა, რომ "ძალადობის" ნაცვლად "ბრძოლა" უნდა ეთქვა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, ცნობილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და ჰომოფობიური განწყობებით, უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელია. საჯარო რეესტრში 2012 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა.

დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული - დაკითხვაზე იმყოფება ალტ-ინფოს დამფუძნებელი ზურა მახარაძე, ასევე გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG