Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცრის და შეზღუდვების მოწინააღმდეგე კვიპროსელებმა ტელეკომპანიის შენობა დაარბიეს


ფოტო არქივიდან: პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია. კვიპროსი, 2021 წლის მარტი.
ფოტო არქივიდან: პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია. კვიპროსი, 2021 წლის მარტი.

კვიპროსის ტელეკომპანია Sigma TV-ს ოფისი დაარბიეს და ავტომანქანები დაწვეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების და ვაქცინაციის მოწინააღმდეგთა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

ნიქოსიაში, პრეზიდენტის სასახლესთან აქციაზე შეკრებილი 5 ათასამდე ადამიანიდან დაახლოებით ნახევარმა გადაინაცვლა ტელეკომპანიასთან, რომელსაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვს აცრის და შეზღუდვების მოწინააღმდეგთა მიმართ. Sigma TV-ს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულია დაზიანებული ოფისის და ავტომანქანების ფოტოები.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თანამშრომლები პოლიციამ დაიცვა. მედიასაშუალებამ მომხდარი შეაფასა ლაჩრულ თავდასხმად. Sigma TV-ს მხარდაჭერა გამოუცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა, რომელმაც ტელეკომპანიაზე თავდასხმას დემოკრატიაზე დარტყმა უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუქარას და შანტაჟს არ დაუშვებს და კანონის დარღვევას მკაცრ პასუხს გასცემს.

საპროტესტო აქციას წინ უძღოდა კვიპროსის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა და სხვა ობიექტებში ყოფნა ნებადართულია მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ასაცრელთა კატეგორიას დაემატა 16-17 წლის ასაკის მოზარდები.

კვიპროსის ოფიციალური სტატისტიკით, ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა 91 ათასზე მეტი ადამიანი და 380-ზე მეტი გარდაიცვალა. მაისსა და ივნისში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, ივლისიდან ისევ მკვეთრად იმატა ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა. კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს დაახლოებით 1.2 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG