ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ ვაშინგტონში ვიზიტის მეორე დღეს გამართა მაღალი რანგის შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო მხარდაჭერის გაძლიერება ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო მისი პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართ.
19 ივლისს ციხანოუსკაია შეხვდა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სხვა ოფიციალურ პირებს. "განვიხილეთ საერთაშორისო ასპარეზზე სამომავლო ერთობლივი ქმედებები, ის, თუ როგორ გავხადოთ ბელარუსის დემოკრატიის აქტი უფრო ეფექტიანი, როგორც აღმოვუჩინოთ სასწრაფო მხარდაჭერა ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას, მასზე რეჟიმის ზეწოლის შემდეგ" - წერს ციხანოუსკაია ტვიტერზე.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი და ბელარუსში აშშ-ის ელჩი, ჯული ფიშერი - რომელმაც ჯერჯერობით ვერ შეძლო მინსკში მუშაობის დაწყება, რადგან ბელარუსის მთავრობა მას ვიზის გამოყოფაზე უარს ეუბნება.
ტვიტერით გამოქვეყნებულ კიდევ სხვა განცხადებაში ციხანოუსკაია ამბობს, რომ ბლინკენთან გამართულ სხვა შეხვედრაზე მან აშშ-ს მოუწოდა "გააძლიეროს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების დახმარება, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს [ლუკაშენკას] რეჟიმზე და რუსეთს მოუწოდოს კონსტრუქციული როლის შესრულებისკენ კრიზისის გადაჭრაში".