Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება" გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას, რომელიც ეხებოდა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე კახა კალაძის სიტყვით გამოსვლას, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება".

„თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა. აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.

განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.

აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.

ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას", - მიიჩნევს „ქართული ოცნება".

20 ივლისს კახა კალაძე თავდაპირველად მიესალმა მედიის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ სურს კიდევ ერთხელ გამოხატოს პოზიცია 5 ივლისის მოვლენების შესახებ, მოგვიანებით კი მედიის საქმიანობა შეაფასა: „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიიჩნევს, რომ კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. ქარტიამ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა:

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე“, - აღნიშნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG