Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომიდვრის მოსავალი, როგორც ფრესკა


"ხე ფეხსაცმლებისთვის" (1978, იტალია, რეჟისორი ერმანო ოლმი)

24 ივლისს 100 წელი გავა დიდი იტალიელი კინორეჟისორის, ერმანო ოლმის, დაბადებიდან. "ოქროს პალმა" მისი ფილმისთვის "ხე ფეხსაცმლებისთვის" განსაკუთრებულ შემთხვევად ითვლება კანის ფესტივალის ისტორიაში, თუმცა თავად ერმანო ოლმია "განსაკუთრებული შემთხვევა" მსოფლიო კინოში - ოლმი მართლაც რომ არავის ჰგავს არც ფილმებით და არც ბიოგრაფიით. 1992 წლის შემდეგ, როცა იგი მძიმედ ავად გახდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა სავარძელს, რეჟისორი თავის სოფელს, ბერგამოს მახლობლად, მხოლოდ მაშინ ტოვებდა, როცა ახალი ფილმი უნდა გადაეღო. იტალიელი კოლეგებისგან განსხვავებით, ერმანო ოლმი პოლიტიკისგან ყოველთვის შორს იდგა და კათოლიკური ეკლესიის მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავდა. 1965 წელს მსოფლიო ეკრანებზე ტრიუმფით უჩვენეს მისი სურათი "და მოვიდა ადამიანი", რომელიც რომის პაპის, იოანე ოცდამესამის, ხსოვნას მიეძღვნა. ოლმიმ, ფაქტობრივად, წმინდანის სახით გამოიყვანა პაპი - თანაც, მთლად 1965 წელს, როცა ევროპაში მემარცხენე მოძრაობა აზვირთდა. თუმცა ისტორიულმა ფონმა ფილმის წარმატებას ხელი არ შეუშალა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ოლმიმ იოანე ოცდამესამე წარმოადგინა როგორც დიდი რეფორმატორი, რომელმაც დროებით, მაგრამ მაინც შეძლო გაეთავისუფლებინა ვატიკანი კლერიკალიზმის სენისგან. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ოლმიმ ძალიან ძლიერი ფილმი გადაიღო - ისტორია სიკეთესა და თავისუფლებაზე, შეიძლება ითქვას, "გადატენილი" პოეტური სახეებით.

1978 წელი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ბერგამოს რეგიონის პატარა სოფელში გარიყული ერმანო ოლმისთვის, რომელმაც თავის სახლში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე, პატარა კინოპავილიონი ააშენა. კანის ფესტივალის დირექციამ მისი სამსაათიანი ფილმი "ხე ფეხსაცმლებისთვის" ძირითად კონკურსში ჩართო. ჟიურის მაშინ ამერიკელი რეჟისორი ალან პაკულა ხელმძღვანელობდა, რაც, ერთი შეხედვით, გამარჯვების მცირე შანსსაც კი არ აძლევდა ოლმის: ტრადიციულად, ამერიკელებს ხომ არ მოსწონთ "გაწელილი" ფილმები, რომლებშიც არც დაძაბულობაა, არც მოულოდნელი დრამატურგიული სვლები და არც კინოვარსკვლავები თამაშობენ. "ხე ფეხსაცმლებისთვის" კი ანტიჰოლივუდური კინოს ეტალონად შეიძლება მივიჩნიოთ. მთავარ როლებს ფილმში რეჟისორის მეგობრები, ლომბარდიელი გლეხები განასახიერებენ. ყველაფერი იმპროვიზაციაზეა აგებული (ფილმისთვის სცენარი საერთოდ არ დაწერილა) და, რაც მთავარია, სურათს ძალიან ნელი, "ჩაფიქრებული" რიტმი აქვს (იმათ საყურადღებოდ, ვისაც ჰგონია, რომ "ნელი კინო" ზოგიერთი თანამედროვე რეჟისორის მიგნებაა). უფრო მეტიც, ვიღაცისთვის "ხე ფეხსაცმლებისთვის" შეიძლება მხოლოდ "ეთნოგრაფიული თვალსაზრისით" იყოს საინტერესო.

და აი, მოხდა საოცრება. "ხე ფეხსაცმლებისთვის" კანის ფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. სურათმა აჯობა ნაგისა ოსიმას "ვნებების იმპერიას", მარკო ფერერის, კლოდ შაბროლის ახალ ფილმებს. ცოტა ხანში ოლმის გმირებს, მათ ყოველდღიურ შრომას, მათ გასაჭირს, ბუნებასთან უჩვეულო კონტაქტს მთელი მსოფლიო გაეცნო. განსაკუთრებული წარმატება ფილმს საფრანგეთში ჰქონდა. "სეზარით"დაჯილდოების შემდეგ (ნომინაციაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი) ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი, სერჟ დანეი, წერდა: "ესაა მარგალიტი, რომელიც 3 საათის განმავლობაში გატყვევებს და ზემოქმედებს ისე, როგორც ბახის მუსიკა". ოლმის ოპონენტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ რეჟისორს კინემატოგრაფიული სახიერებით სოციალური პრობლემების გადაფარვის გამო, რელიგიური პათოსის გამო (განსაკუთრებით მოხვდა ოლმის მემარცხენეებისგან ავადმყოფი ძროხის მკურნალობის ეპიზოდისთვის), მალევე დამარცხდნენ ფილმის გულშემატკივრებთან დისკუსიაში. უფრო მეტიც, ოლმის ფილმმა, შეიძლება ითქვას, "მოუგო ბრძოლა" ბერნარდო ბერტოლუჩის "მეოცე საუკუნეს", რომლის პრემიერა დაემთხვა "ფეხსაცმლების" პირველ ჩვენებებს. ბერტოლუჩის ეპიკურ დრამას "ხე ფეხსაცმლებისთვის" ბევრი ნიშნით ჰგავს, თუმცა "მეოცე საუკუნეს" აკლია ის, რაც ასე ხიბლავს ყველას ოლმის შედევრში - იმპროვიზაციულობა, ბუნებრიობა, ნატურალურის აბსოლუტური განცდა.

ერმანო ოლმის ფილმს სიუჟეტი, ფაქტობრივად, არა აქვს. ჩვენ მხოლოდ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ცხოვრობენ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს პატარა იტალიური სოფლის გლეხები - სულ 4 თუ 5 ოჯახი, ხალხი, რომელიც განუწყვეტლივ ელოდება გაზაფხულს, როცა მოსავალი უნდა მოვიდეს და როცა ბავშვებისთვის ტანსაცმლის ყიდვა გახდება შესაძლებელი. ამასობაში ყმაწვილებს ფეხსაცმელი ეხევათ. მშობლები იძულებული არიან ჩუმად მოჭრან ხეები (ბატონის საკუთრება), რათა ბავშვებს ხის ქოშები გაუკეთონ. ხანდახან ზეიმები ეწყობა და გლეხებს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ. ათასში ერთხელ ქორწილიც იმართება. ყოველ კვირას ეკლესიაში მიეშურებიან და ლოცულობენ... ღმერთს სთხოვენ არ იყოს სუსხიანი ზამთარი, რომ რაც შეიძლება მალე გაიხაროს პომიდორმა, რომ განიკურნოს მათი ძროხა და ა.შ. როცა მოსავალი კარგია, ისინი უფალს მადლობას სწირავენ; როცა არ ვარგა, ანდა, როცა ოჯახში რაღაც უბედურება ხდება , მაინც მადლობას ეუბნებიან. განათლება მათ არ მიუღიათ, უმრავლესობამ წერა-კითხვაც არ იცის, მაგრამ ერთი რამ ყველას ესმის: ამქვეყნად არაფერი იკარგება, სამყარო მარადიულია და უსაზღვრო, ყოველმა ცოდვამ "დაბრუნება" იცის, სიცრუისთვის ადამიანი ისჯება, სიკეთე კი არასდროს რჩება დაუსაჩუქრებელი.

თითქოს არაფერია ახალი, თითქოს ყველამ იცის ეს, მაგრამ ოლმის ნელი (თუ "გაწელილი") კინო მაინც ზემოქმედებს მაყურებელზე და კათარზისის ეფექტს ახდენს. ჩვენს დროში ოლმის "ძველმოდური ქადაგება", სწორედ იმიტომ რომ მივიწყებულია, მოულოდნელ სიახლეს იძენს. აქტუალური და მიმზიდველი ხდება ის, რაც აქამდე მოდიდან გადასულად ითვლებოდა. და, რაც მთავარია, იმიტომ რომ თავად რეჟისორი აქ არაფერს გვასწავლის, ჭკუას არ გვარიგებს, მას თავად ახასიათებს თავისუფლების, მარადიულობის გამძაფრებული შეგრძნება. ერმანო ოლმი კინემატოგრაფიულ ფრესკას ქმნის, რომელიც თითქოს ლოცვისთვისაა განკუთვნილი; არაფერი ხდება განსაკუთრებული - აყვავდებიან პომიდვრები და მოისმის ბახის მუსიკა, მაგრამ ამის შემყურე მაყურებელს, რომელსაც მართლაც მოენატრა კინოში ბუნებრივის, ლამაზის ხილვა, რაღაც ემართება.

ამის შემდეგ ისღა გრჩებათ წარმოიდგინოთ, რამდენად გაძლიერდებოდა ამ "დაკარგული სამოთხის" ზემოქმედება, "ხე ფეხსაცმლებისთვის" კინოთეატრში, დიდ ეკრანზე რომ გენახათ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG