Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანანია გაჩეჩილაძე: როცა „აიისა” დავიწყე, არ ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე, ახლა ვიცი


ანანია გაჩეჩილაძემ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ  ანანიას მიერ ნაწარმოებ პრეზერვატივებზე შეიძლება ეხატოს ის, რაც მას  მოუნდება, მათ შორის - თამარ მეფეც.

სტრასბურგის სასამართლომდე „აიისას” დამფუძნებელს ქართულ სასამართლოებში მოუწია იმის მტკიცება, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი რელიგიური გრძნობები, რომელიც შეიძლება პრეზერვატივზე დატანილი სარკასტული წარწერებით თუ ნახატებით ილახებოდეს.

„აიისას” სამართლებრივი დავის დასრულება დაემთხვა საქართველოში განახლებულ მსჯელობას იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა დასჯადი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რომელიც 5 ივლისის შემდეგ გააქტიურდა - ანანია გაჩეჩილაძის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აიისას“ საჯარო დისკუსიაში შეჰქონდა წვლილი.

დაარსების დღიდან „აიისას” გაცხადებული მიზანი სექსუალობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვრევა იყო. სადავოდ ქცეული „მონარქთა კოლექციაც” ამ მიზანს ემსახურებოდა. 2018 წელს ამ კოლექციაზე საპატრიარქო ამბობდა, საქმე „უზნეო თავგასულობასთან” გვაქვსო. 2018 წლის აპრილში სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა „ქართულ მარშთან” ერთად აქციაც კი გამართეს პარლამენტის წინ „აიისას” წინააღმდეგ.

ანანია, რას ნიშნავს შენთვის და შენი ბიზნესისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება?

კარგია, რომ ამ კონტექსტში დადგა ეს გადაწყვეტილება, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ - ამ მოვლენების და ყველაფერი ცუდის ავტორები ჩემ შემთხვევაშიც იყვნენ საპატრიარქო, აგრესიული და რადიკალური ჯგუფები და სახელმწიფო, რომელიც დადგა პოპულისტურ მხარეს და რომელმაც მოქალაქის და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად არაფერი გააკეთა.

მოტივაციაც გამეზარდა, ისევ საქართველოში ვაკეთო უფრო აქტიურად რაღაცეები. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ფორმით, „აიისა” 11 ქვეყანაშია ექსპორტზე გასული, აქ მაინც უფრო შეზღუდულად ვიყავი.

სასამართლო დავა მარტო ის არ არის, რომ სარჩელი მაქვს სადღაც შეტანილი. ეს პროცესები აქ ჩემი პროდუქციის რეალიზაციაშიც მიშლიდა ხელს. როცა სახელმწიფო შენ წინააღმდეგ აგრესიულია და ლამის პერსონა ნონ გრატად ხარ გამოცხადებული, საცალო და ქსელური მარკეტებიც არ გიშვებენ და არ ყიდიან შენს პროდუქტს. ჩვენთან ხომ არ არის ისე, რომ ბიზნესი არ ითვალისწინებდეს ხელისუფლების პოლიტიკას და გამიჯნული იყოს, მაგალითად, ვაჭრობა პოლიტიკისგან. კომერციულად ბრენდი ყოფელთვის მომგებიანი იყო ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, მაგრამ სასამართლოს დავებამდეც კი იკავებდა ბევრი ბიზნესი თავს ამის [„აიისას” პროდუქციის] შეტანისგან.

სასამართლო დავები დიდ დროს, რესურსს, ენერგიას, ნერვებს მოითხოვს. როგორი გამოცდილება იყო შენთვის სხვადასხვა სასამართლოში გატარებული გასული წლები?

არ შეიძლება, ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გიწევდეს ამდენი ბრძოლა, რაც ისედაც გარანტირებულია კონსტიტუციით, მაგრამ აქ ორივე ინსტანცია წავაგე მიუხედავად იმისა, რომ მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა გვქონდა. შესაბამისად, სტრასბურგში წასვლა გარდაუვალი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. პარალელურად აქ საკონსტიტუციოშიც გვაქვს შეტანილი სარჩელი, რომ არაკონსტიტუციურად ცნონ კანონის ის ნორმა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს, რეკლამის შესახებ.

ამ სამართლებრივმა პროცესებმა, ერთი მხრივ, ის დრო დამაკარგვინა, რაც ბიზნესის საკეთებლად მჭირდებოდა, „აიისა” ჩვეულებრივი ბიზნესია პირველი დღიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, აქტივიზმი უფრო გააქტიურა ჩემში.

შენს ნაწარმოებ პრეზერვატივებზე ხშირად ჩნდებიან ხოლმე პოლიტიკოსები, საჯარო პირები. იცი, ვის დაახატავ უახლოეს მომავალში ქართული ბაზრისთვის განკუთვნილ კონდომებზე?

ახლა პირველ რიგში ის 4 სადავო შეფუთვა უნდა დავაბრუნო წარმოებაში, რომელიც სასამართლო პროცესების გამო ამოღებული იყო.

სინამდვილეში საკმაოდ აკადემიურად ვუდგები მაგ საკითხს და არა ისე პროვოკაციულად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, საშუალო, დიდად არაფრისმომცემი ბოროტები რომ არიან, მაგათ არ ვახატავ „აიისაზე.” საერთოდაც, ჩემი თვითმიზანი არ არის, მაინცდამაინც ვინმეს ამ გზით დავუპირისპირდე, თუ ძალიან არ გავბრაზდი. მაგალითად, ბერაზე ძალიან გავბრაზდი და იმიტომაც დავახატე.

შენი პროდუქციის რომელი დიზაინი მოგწონს ყველაზე მეტად?

ქართლის დედა, რომელიც დიზაინის თვალსაზრისით განსაკუთრებული არ არის, მაგრამ წარწერა აქვს "I don't want to be your mother" („არ მინდა ვიყო დედაშენი“). პრეზერვატივების ბრენდიც ხომ მაგისთვის მაქვს, რომ არ მინდა აბორტების მაჩვენებელი იყოს მაღალი და მინდა ქალები თავის ბედს თვითონ წყვეტდნენ, სინამდვილეში თამარ მეფის გამოსახულებიანი პრეზერვატივიც და ესეც გენდერულ როლებზეა, მაგრამ ამაზე ვერ დაელაპარაკები იმათ, ვისაც პრეზერვატივი საშინელება გონია. ალბათ ფუნდამენტური განსხვავება „ჩვენსა” და „მათ” შორის, ჩემთვის პრეზერვატივი საშინელება არ არის იმათგან განსხვავებით, ვისაც გონია, რომ მასზე რაღაცეების დახატვა შეურაცხმყოფელია.

ადრე არ ვფიქრობდი, რომ ფემინისტი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ტოლერანტი ვარ, ყველას თანაბარუფლებიანად მივიჩნევ და ეს საკმარისია. როცა დევნა, აკიდება, დაკავებები და ჩემ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაიწყეს, მივხვდი, რომ აქტივიზმის ტალღა ამით ჩემში გააძლიერეს. თან როცა ამ საქმის კეთება დავიწყე, უფრო ახალგაზრდული სიშლეგე მქონდა, 22 წლის ვიყავი, რაღაცეების შეცვლა მინდოდა და ვიცოდი, რომ ეს გამოგვივიდოდა. ახლაც იგივე მიზნები, იდეალები და სურვილები მაქვს, მგონია, რომ რაღაცეები შეიცვალა კიდეც, მაგრამ ამ ყველაფერმა გამზარდა, მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.

მაშინ არ ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე, ახლა ვიცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG