Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელოს" სურს, რომ კოლეგებზე მოძალადე დეპუტატები დარბაზში აღარ შეუშვან


ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტს შესთავაზა, დეპუტატი, რომელიც კოლეგას ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, ბიუროს ოთახსა და პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ შეუშვან.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძემ თქვა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარეზე, ხატია დეკანოიძეზე ქუჩაში მომხდარი თავდასხმა იმის გაგრძელებაა, რაც პარლამენტში ხდება ხოლმე:

„მათ დაინახეს, რომ მისი კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინებაც, იყო ათასი ყოვლად მიუღებელი, პირდაპირ ვიტყვი, ბიუროსთვის და პარლამენტისთვის გამოხატვა დამოკიდებულების. როცა ესეთ რამეს ხედავენ გარეთ ადამიანები, რა თქმა უნდა, იგივეს გააკეთებენ“.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ თქვა, პარლამენტის ბიუროს ოთახში თუ სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს. პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გაიხსენა, „როგორ გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა“. ჯაფარიძის განცხადებით, „ხელის მოქნევა შენ კოლეგაზე, დედის გინება უნდა იყოს იმდაგვარად დასჯადი, რომ ის ადამიანი აღარ უნდა შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში".

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბადრი ჯაფარიძეს სანქციებზე ერთად მსჯელობა შესთავაზა. როგორც კუჭავამ თქვა, არ ჰგონია, ვინმე ეწინააღმდეგებოდეს პარლამენტში ძალადობის ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთას: „მათ შორის მანდატურების წინააღმდეგ ძალადობები, რომელზეც წარმოუდგენელი კადრები ვნახეთ, დეპუტატები როგორ ექცევიან მანდატურებს".

პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებაა, რომ შესაბამისი პროექტი აგვისტოში მომზადდეს და სექტემბრიდან ამუშავდეს.

შსს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებს მოკვლევას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის სახლთან 24 ივლისს მომხდარ ინციდენტზე. ჟურნალისტებთან დეკანოიძის ინტერვიუს დროს სახლთან გაჩერდა ავტომანქანა, რომელიც დეპუტატის თანახმად, მათ კინაღამ დაეჯახა. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირმა "ნაციონალური მოძრაობის" გინება დაიწყო.

XS
SM
MD
LG