Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 5 ადამიანი


გუდაუთის საავადმყოფო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 559 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ საგრძნობლად იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ბოლო ხანს, ყოველდღიურად აღრიცხავენ ინფიცირების 200-მდე ახალ შემთხვევას.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 26 ივლისს მიიღო დადგენილება, რომლითაც არასაკმარისად მიიჩნია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად „მთავრობის“ მიერ მიღებული ზომები. დე ფაქტო პარლამენტი მოითხოვს დამცავი ნიღბების გამოყენების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების და ქოწილების აკრძალვას არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, სავაჭრო და კვების ობიექტებზე კონტროლის გაძლიერებას, კულტურის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის შეჩერებას და სხვა.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მოითხოვდა, რომ სავალდებულო გამხდარიყო „საზღვრის“ გადაკვეთისას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის PCR ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა, უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატთა ნაწილის მიერ მომზადებული იყო კიდევ ერთი დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ვაქცინებით, მედიკამენტებით და მედიკოსებით დახმარებას სთხოვდნენ რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს, თუმცა, პროექტი ვერ მიიღეს, რადგან როგორც დეპუტატთა მეორე ნაწილი აცხადებდა, დადგენილებაში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა არა რუსეთის პარლამენტის, არამედ მთავრობის კომპეტენციაა.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 21 250 შემთხვევა, მათგან 16 990 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 294. დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG