Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს „მთავარი არხის" სარეკლამო კომპანიის საკითხზე


„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ტელეკომპანიის გაყიდვების კომპანიაში დაწყებული შემოწმების შესახებ შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სწორედ, ამ მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისში შეარჩიეს 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ დასახელებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას.

„შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

ნიკა გვარამიას განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დაწყება არჩევნების გაყალბებას უკავშირდება: „ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ემუქრებათ... ამ ქვეყანაში ყველა მეთოდით ამთავრებენ თავისუფალ მედიას... ამ ქვეყანაში ოპოზიციური მედიების გაჩუმება დამთავრდება არჩევნების გაყალბებით... არჩევნების გაყალბება იწყება არა საარჩევნო დღეს, არამედ ბევრად უფრო ადრე...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG