Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, პარლამენტის სხდომაზე ჯდომას აზრი აღარ აქვს. დეპუტატი საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღალატობს ქვეყნის დასავლურ კურსს, მისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი მტერია, ხოლო ადამიანებს, რომლებმაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ხმა, მოქალაქეებადაც არ მიიჩნევს და საერთოდ არ უწევს ანგარიშს.

"პროცესმა აჩვენა ნათლად ერთი რამ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა „ქართული ოცნება“. ეს ჩემი შეფასებაა და შემიძლია დავასაბუთო მტკიცებულებებითაც. და მართლმსაჯულების რეფორმა საკმარისია თუნდაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ვერ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი კიდევ სავარაუდოდ რუსეთის დავალებებს და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თვითონ გასულიყვნენ შეთანხმებიდან", - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ, რომელმაც დაასახელა 2 მთავარი ფაქტორი, რის გამოც საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო:

პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად თქვა უარი დასავლურ კურსზე და პარტნიორებთან დადებული შეთანხმების შესრულებაზე. და არა თუ თქვა, რომ გავედიო, არამედ ანულირებულიაო. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ეს შეთანხმება. მისი პოზიციაა ეს. მეორე, არაფრად არ ჩააგდო ის მოქალაქეები, ვისი ხათრითაც და ვისი პატივისცემითაც და ვისი ინტერესის გათვალისწინებითაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა პირებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ფორმით თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში არის იმ მოქალაქეების უპატივცემულობა, რომლებსაც ამ ფორმატის იმედი ჰქონდათ და არის აბსოლუტურად თავის მოტყუება იმიტომ, რომ შეუძლებელია ითანამშრომლო იმასთან, ვინც გეუბნება, რომ არ მაინტერესებს და შენთან არ ვთანამშრომლობ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში, რადგან არანაირი შედეგი პარლამენტის სხდომაზე ჯდომას არ ექნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ. მისი შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ზღვარი გადალახა და ეჭქვეშ დააყენა, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ისე საერთოდ დემოკრატიული განვითარების კურსი. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პარტიებმა მთელი ყურადღება ახლა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისკენ უნდა მიმართონ:

„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეუძლებელი მგონია და მიმაჩნია, რომ მთლიანად ოპოზიციური ძალები უნდა გადაერთონ მოქალაქეებისთვის იმის ახსნაზე, თუ რა რისკის ქვეშ დააყენა გუშინ "ქართულმა ოცნებამ" თითოეული მოქალაქის ბედი ამ ქვეყანაში. ამ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს მოქალაქეების პასუხი ასეთი თავხედობისთვის და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისთვის“, - უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.

თამარ კორძაიას მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. "პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება", - დაწერა ზურა ჯაფარიძემ "ფეისბუკში". 29 ივლისსს საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ აპირებს მთლიანად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და „ოქტომბრის რეფერენდუმის", 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ბრძოლაში.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG