Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაციის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე?


ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA), ისევე, როგორც ჯანდაცვის საკითხებში სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, გაუმართლებლად მიიჩნევენ ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას. FDA აცხადებს, რომ ატისხეულების გამოსავლენად ჩატარებული ტესტების პასუხები ვერ განსაზღვრავს ადამიანის ზუსტ იმუნურ პასუხს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ლაპარაკია ვაქცინაციის შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებზე. ორგანიზაციის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუკი ტესტის პასუხები არასწორად იქნება ინტერპრეტირებული, ამან შეიძლება შექმნას ვირუსის აფეთქების რისკი. მაგალითად, ტესტებით მიღებული პასუხების შედეგად, ადამიანების ნაწილმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ მათ დიდი რაოდენობით ანტისხეული აქვთ და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარი თქვან, თუმცა, ამასთანავე, დიდი რაოდენობით ანტისხეული, შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს ვირუსისგან მყარ დაცვას.

სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო მატულობს მომხმარებელთა პოსტები და ვაქცინაციის შემდეგ, ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხების ფოტოები, რომელთა ნაწილი წერს, რომ ტესტის შედეგად, მათ სხეულში დიდი რაოდენობით ანტისხეული აღმოჩნდა, ან პირიქით, არ აღმოჩნდა ანტისხეულები.

რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, უნდა ჩავიტაროთ თუ არა ტესტი ანტისხეულებზე, როდის უნდა ჩავიტაროთ, როგორ წავიკითხოთ ტესტის პასუხები და ა.შ.

ბიძინა კულუმბეგოვი გვპასუხობს, რომ ბუმი ანტისხეულებზე ტესტების ჩატარების შესახებ არასწორია, ტესტის პასუხები არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას და ამ ტიპის ტესტი შესაძლოა მხოლოდ კონკრეტული დაავადების მქონე პაციენტებისათვის და მათი მკურნალი ექიმებისთვის იყოს საინტერესო.

რადიო თავისუფლება: უნდა გავიკეთოთ თუ არა აცრის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე?

ბიძინა კულუმბეგოვი: ჯერჯერობით, მსოფლიოს ასეთი მიდგომა აქვს, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა და კონტროლის პრევენციის ცენტრი, ევროპის წამლის სააგენტო, ბრიტანული მარეგულირებელი, არავინ უწევს რეკომენდაციებს, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდგომ ჩაიტარონ ტესტი ანტისხეულებზე, რადგან ეს არ არის არანაირი ინფორმაციის მომცემი მოქალაქეებისთვის. ვაქცინების მუშაობა და მათი ეფექტი, მეცნიერულად უკვე შესწავლილია, ამიტომ რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა რუტინულად ეძიონ საკუთარ სხეულში ვაქცინაციის შემდგომი სტატუსი, არასწორია.

რადიო თავისუფლება: და მაინც, საქართველოში საკმაოდ ბევრი ვაქცინირებული იკეთებს ტესტებს ანტისხეულებზე. როგორ შეიძლება წავიკითხოთ ტესტის პასუხები? თუკი ჩვენს სხეულში აღმოჩნდა ბევრი ანტისხეული, ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ დაცულები ვართ ვირუსისგან?

ბიძინა კულუმბეგოვი: არა, არ ნიშნავს, რომ ბევრი ანტისხეული ჩვენ უფრო უკეთ გვიცავს დავირუსებისგან. ვაქცინის ორგანოში მოხვედრის შემდეგ ვითარდება ორი ტიპის იმუნიტეტი. ერთი, ეს არის ანტისხეულებზე დაფუძნებული იმუნიტეტი და მეორე, იმუნიტეტი, რომელიც უჯრედული რგოლით, ანუ T და B ლიმფოციტებით არის განპირობებული და არა მხოლოდ ანტისხეულებით. ანტისხეულები სწრაფი მორეაგირეა და თუკი ადამიანს აქვს კარგი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ისინი ადამიანს იცავს ინფექციის შემოჭრისგან, ასევე იმისგან, რომ არ იყოს ინფექციის გამავრცელებელი და ა.შ. თუმცა, მეორე ტიპის იმუნიტეტი, T და B ლიმფოციტური იმუნიტეტი, ძალიან აქტიურად იცავს ადამიანს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და სიკვდილისგან. ამიტომ, წუხილი იმაზე, რომ მაგალითად, ტესტის შედეგად არ აღმოჩნდა ანტისხეული და ე.ი. გამოდის, რომ იმუნურმა სისტემამ არ იმუშავა, ეს მიდგომა არასწორია. გარდა ამისა, მეორე ნიუანსია, შესაძლოა, მე მქონდეს ჯამური ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი, მაგრამ თუკი მე ცალკე არ მაქვს გაკეთებული ტესტი მანეიტრალიზირებელ ანტისხეულებზე, ე.წ. რეცეპტორდამაკავშირებელ დომენის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, გამოდის, რომ ზუსტ ინფორმაციას მაინც ვერ ვფლობ. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შესაძლოა მე მქონდეს 100 ანტისხეული და აქედან მხოლოდ ორი იყოს მანეიტრალიზირებელი და ამ დროს, შესაძლოა ვიღაცას ჰქონდეს 5 ანტისხეული და სამი იყოს მანეიტრალიზირებელი. გამოდის, რომ ის ადამიანი უფრო დაცულია, ვიდრე მე. ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ კორელირდება დაცვის ხარისხთან, ანუ, რამდენად დაცულია ადამიანი.

რადიო თავისუფლება: თუკი რიგით მოქალაქეებს არ აძლევს კონკრეტულ ინფორმაციას კვლევა ანტისხეულებზე, მაშ ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო ამ ტიპის კვლევები?

ბიძინა კულუმბეგოვი: ასეთი ტიპის კვლევები შესაძლოა მეცნიერული კვლევებისთვის იყოს საინტერესო, მაგალითად, როგორი პასუხი აქვთ ვაქცინაზე ორგანოგადანერგილ ადამიანებს, ხანდაზმულმა ადამიანებმა როგორ უპასუხეს ვაქცინას ან იმუნოსუპრესიულმა პაციენტებმა. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ვის განუსაზღვროს ამა თუ იმ ანტისხეულის კვლევა და ვის არა. ასე ზეპირად, უპრაგონოდ ამ ტესტების გაკეთება მხოლოდ ლაბორატორიების გამდიდრებაა და მეტი არაფერი. ჩვენთან ეს გადაქცეულია ბიზნესის წყაროდ.

რადიო თავისუფლება: ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულების კვლევების შედეგად, შესაძლოა მივიღოთ ეპიდემიის აფეთქების მსგავსი სურათი, რატომ?

ბიძინა კულუმბეგოვი: შესაძლოა, ამ ტესტით ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ აქვს ბევრი ანტისხეული და სრულიად უსაფუძვლოდ გათამამდეს, ან პირიქით, არ აღმოაჩნდეს ანტისხეულები და ვაი-ვიში შემოსძახოს და ვაქცინის მესამე დოზები ეძებოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაფრისმომცემი ინფორმაციაა რიგითი მოქალაქეებისთვის ამ ტესტების კეთება. ჩვენ ტესტები კი არ უნდა ვიტაროთ ანტისხეულებზე, არამედ კვლავ მივდიოთ ვირუსის პრევენციისათვის განკუთვნილ რეკომენდაციებს, იქნება ეს პირბადის მოხმარება თუ სხვა რეკომენდაციები. ამერიკელი არ იტარებს ამ ტიპის ტესტებს, ინგლისელი და ფრანგი და არ ვიცი, ქართველებს ბევრი ფული გვაქვს თუ რატომ ვყრით ამ ანალიზებში ფულს?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG