Accessibility links

site logo site logo

წულუკიანი ლგბტქ ჯგუფის ჩაგვრასა და რწმენაზე: არ ვაფიქრებინოთ, რომ არის ორი არჩევანი


ყოფილი იუსტიციის მინისტრი და მოქმედი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამართლებას უძებნის თბილისში "ღირსების მარშის" ჩაშლას. მან "უცნობის კიდობანში" საუბრის დროს თქვა, რომ როცა საერთაშორისო პარტნიორები ამ საკითხზე საუბრობენ, ამ კუთხით ქვეყანას "გამოცდა ჩასაბარებელი არ აქვს".

გთავაზობთ ამ საკითხზე კულტურის მინისტრის კომენტარის ფრაგმენტს:

"ქართველი ადამიანი არის შემწყნარებელი თავისი ბუნებით და მაშინ იწყებს აბობოქრებას, როცა გაუჩნდება განცდა, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, რომ რაღაცას მას ძალით თავზე ახვევენ და რომ ეს რაღაცა არის რწმენისა და მეობის წინააღმდეგ მიმართული...

ჩვენ, ალბათ, ცოტა სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ და შევხედოთ ხოლმე რეალურ პრობლემებს, ქართველებმაც და იმ უცხოელმა მეგობრებმაც, რომლებიც ყველაფრის ფასად ითხოვენ, რომ მაინცდამაინც რუსთაველის გამზირზე თუ არ ჩატარდა პრაიდი, ე.ი. საქართველომ გამოცდა ვერ ჩააბარა. საქართველოს გამოცდები არ აქვს ჩასაბარებელი...

როდესაც ასეთი მოვლენები წარმოაჩენ ისე, რომ თუ ამას არ გააკეთებ, ბნელი ხარ; თუ ამას არ გააკეთებ, შენი რწმენა არის დაკნინებული და არაფრის ღირებულება მას აღარ აქვს; ჩვენ გვყავდა ერის მამა, რომელმაც მკაფიო ანალიზი გააკეთა ამის - სამ რამეს არ უნდა შეეხო საქართველოში, ეს არის: ენა, მამული და სარწმუნოება. ამ სამს როგორც კი ეხები, ან არ ეხები და ქართველს უჩნდება განცდა, რომ შეეხე, იქ იწყება შფოთი...

ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ არ ვაფიქრებინოთ ვინმეს, რომ არის ორი არჩევანი: ან შენ ხარ მართლმადიდებელი და შენ ამ ადამიანებს [ლგბტქ] ჩაგრავ, ან თუ არ აღაზევებ, პრაიდს არ ჩაატარებ პარლამენტის წინ, შენი რწმენა არის ცუდი..."

ლგბტ უფლებებზე საუბრის დროს მინისტრი ახსენებს სიტყვებს "თავს მოხვევა" და ამ ჯგუფის პასუხისმგებობაზე საუბრობს:

"თავს მოხვეული არაფერი არ იქნება მიღებული და ჯგუფები, ვინც ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ საზოგადოებას, უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ გამოვა... შესაბამისად, როცა ვამბობთ, რომ პრაიდი რუსთაველზე ვერ იქნება, ეს კვალიფიცირდება, როგორც ძალადობის წახალისება და შემდეგ "როდის გადადგების" ძახილი. ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა მიიღოს გადაწყვეტილებები, გაგაფრთხილოს, რომ ეს ასე ვერ იქნება. შენ თუ ამას მაინც აკეთებ, პოლიციას აქვს რესურსი, რომელიც ან გაწვდება ძალადობას, რომელიც იმ დღეს იყო ქუჩაში, ან ვერ გაწვდება".

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფს წევრები სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით რუსთაველის გამზირზე "ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ უბანში გადაადგილდებოდა და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე. ამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა "ღირსების მარშის" გამართვა. მისი ამ განცხადების შემდეგ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ ჟურნალისტს.

ხელისუფლებას ძალადობრივი ჯგუფების არცერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ დაუკავებია.

ამ დღეს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა მათი უფლებები. იმ დღეს მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 ჟურნალისტია. ჟურნალისტების ნაწილი ამ დრომდე ვერ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, მათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG