Accessibility links

site logo site logo

ფრანგული "body horror" ქართული "ბოდი შოპის" ნაცვლად


"უმი" (2016 "Grave", რეჟისორი ჟულია დიუკურნო, საფრანგეთი)

ამ ჟანრის დიდი დამფასებელი არა ვარ, ამიტომ კინოს მოყვარულებს ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვაღიარებ, რომ ჟულია დიუკურნოს სახელი პირველად გავიგე კანის წლევანდელ ფესტივალზე, სადაც ამ რეჟისორის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს, "ტიტანს", საკონკურსო პროგრამის ფარგლებში აჩვენებდნენ. არადა, აღმოჩნდა, რომ დიუკურნოს "უმი", საშინელებათა ჟანრის ფილმი კანიბალებზე, წლებია უკვე დევს ქართულ ინტერნეტსაიტებზე. კანში გამგზავრების წინ რამდენიმე ნაცნობმა მითხრა, საკონკურსო პროგრამაში ძალიან მაგარი რეჟისორის სურათია და აუცილებლად ნახეთო. თავიდანვე ვიტყვი, რომ "ტიტანმა", რომელიც - არც მეტი, არც ნაკლები, - კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმით" აღინიშნა, საერთოდ არ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება "body horror"-ის მიმართ. მესმის, რომ მოძრავი სხეულის (ხორცის) ნაწილების ახლო ხედით ჩვენება და ამ ნაწილების გადაქცევა მხატვრულ სახეებად, ყველაზე ეფექტურად კინოშია შესაძლებელი, მაგრამ როგორც კი გამახსენდება ამ ჟანრის ექსპლუატაციის მაგალითები კინოს ისტორიაში, მაინც მიჩნდება ეჭვი, რომ "body horror", უბრალოდ, იოლი გზაა არცთუ ისე გამორჩეული ნიჭისა და შესაძლებლობების ავტორებისათვის ყურადღება მიიქციონ და სასწრაფოდ დაიმკვიდრონ ადგილი კინოს სამყაროში.

"უმის" ნახვის შემდეგ ეს აზრი განმიმტკიცდა. კი, "ტიტანის" გამარჯვებას წლევანდელ კანის ფესტივალზე ორი ხელით მივესალმები თუნდაც იმიტომ, რომ პროგრამა გადაჭედილი იყო სუსტი და, ამავე დროს, პრეტენზიული ფილმებით, რომელთა შორის ახალგაზრდა ქალის ეს სურათი ორიგინალურობით მაინც გამოირჩეოდა. გარდა ამისა, "ტიტანი" მხატვრულად ბევრად უფრო გამართული და მთლიანია, ვიდრე "უმი", რომელსაც აქვს პრობლემები თხრობის ლოგიკის თვალსაზრისით, რაც ხელს გვიშლის გვქონდეს თანაგრძნობა პერსონაჟების მიმართ... თუმცა მაინც მღრღნის ეჭვი, რომ დიუკურნო ხანდახან იაფფასიანი ეფექტებისა და ჟანრის შესაძლებლობებით სპეკულაციის ხარჯზეც იქმნის კარიერას.

არსებითად ამაში საგანგაშო არაფერია - ახალგაზრდა რეჟისორია და "ბაზარზე" დამკვიდრება უნდა. ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, მიზანს მიაღწია - მთლად კანის ფესტივალის "ოქროს პალმა" მოიპოვა, პრიზი, რომელსაც ჰიჩკოკი და ალმოდოვარი ვერ ეღირსნენ. ცოტა პანდემიამ შეუწყო ხელი (სუსტი კონკურსი კანში), ცოტა " me too"-მ, ცოტაც ფესტივალის ჟიურის გადარეულმა თავმჯდომარემ, სპაიკ ლიმ.

"ტიტანს" თუ მოვუწონეთ ორიგინალობა, "უმი" არ უნდა დავჩაგროთ. ჟულია დიუკურნოს პირველი ფილმიც ძალიან "სტილურია" . წითელი და მწვანე განათება ახლო ხედებზე დასამახსოვრებელ ვიზუალურ ატმოსფეროს ქმნის. უფრო მეტიც, უკვე ამ ფილმში გამოჩნდა რეჟისორი ქალების ახალი თაობის ამბიცია არა მარტო მიაგნონ ადგილს კინორეჟისორი მამაკაცების გვერდით, არამედ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, წაართვან მათ ძალაუფლება კინოს სამყაროში.

2016 წლის კანის ფესტივალის დირექციამ "უმი" არც კონკურსში ჩართო და არც სპეციალური სექციის, "განსაკუთრებული მზერის", პროგრამაში. თუმცა "უმი" დააფასეს კანის "კრიტიკის კვირეულის" ორგანიზატორებმა, შემდეგ კი ტორონტოს ფესტივალმა, სადაც პრესისთვის გამართული სეანსის დროს ორ მაყურებელს გული წაუვიდა - ისინი კინოდარბაზიდან სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაიყვანეს. რამდენიმე კვირაში ლოს-ანჟელესის კინოთეატრ "Nuart" ში ფილმის ჩვენების დროს ერთ მაყურებელს გული აერია, ამის შემდეგ კინოთეატრის დირექციამ პროფილაქტიკის მიზნით პუბლიკას ქაღალდის სპეციალური პარკები დაურიგა.

წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ. ფილმი კანიბალებზეა, ამიტომ აქ ვერ იხილავთ პეპლებს, ფისოებს, შოკოლადებს და ჟულიეტ ბინოშებს. ფილმი სასტიკია, ბრუტალურია. ახალგაზრდა რეჟისორისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ექსტრემიზმი "უმს" ციებ-ცხელებას ამსგავსებს, ერთდროულად აღმგზნებია და საძაგელი. დიახ, არის ეპატაჟისთვის გადაღებული რამდენიმე სცენა (განსაკუთრებით, ცხენის ეპიზოდი), მაგრამ, მთლიანობაში, შოკისმომგვრელი კინემატოგრაფიული ატრაქციონების გარდა, "უმს" ღირსებებიც აქვს - ფილმის მსვლელობის პროცესში ნათელი ხდება, რომ კანიბალიზმი აქ ძლიერი მეტაფორაა. ესაა სტრესი, რომელმაც უნდა შეარყიოს ჩვენი რეალობა, ჩვენი ყალბი კეთილდღეობა და კვაზისტაბილური სისტემა.

მაშ, ასე. ფილმის გმირი, თინეიჯერი გოგონა ჟიუსტინი აბარებს ვეტერინარულ კოლეჯში, სადაც უკვე სწავლობს მისი უფროსი და, ალექსია. ჟიუსტინი ვეგეტარიანელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფროსკლასელები აიძულებენ გაუსინჯოს გემო კურდღლის უმ ხორცს, ჟიუსტინს ეღვიძება უჩვეულო ვნება... ხორცის მიმართ. ვნების კონტროლი მალევე შეუძლებელი აღმოჩნდება. ჟიუსტინი კანიბალი ხდება. საშინელებათა ჟანრის ფილმის ავტორი, რომელმაც დეფლორაცია და კანიბალიზმი, სექსი და ნეკროფილია, ფაქტობრივად, გააიგივა, ამავე დროს გვიამბობს "ქალად ქცევის" ისტორიას, გამოხატავს ცვლილებებს, რომლებიც ხდება ახალგაზრდა ქალის სხეულში მაშინ, როცა ადამიანი, ფაქტობრივად, ახალ ცხოვრებას იწყებს. ეს ეტაპიც სტრესებითაა სავსე, რადგან გოგონას, რომელიც ქალად უნდა იქცეს, ბევრი რამ არ ესმის. გაურკვევლობა და შიში კი უფრო მეტად აძლიერებს დამალულ (ბნელ) ინსტინქტებს. მით უმეტეს, რომ ამ ინსტინქტების გაღვიძებას თავად სოციუმი უწყობს ხელს - სისტემა, სადაც მასწავლებლები ცდილობენ დაიცვან თანასწორობის ყალბი პრინციპი მაშინაც კი, როცა მოსწავლეების სწავლა-განათლებას აფასებენ, სადაც ჰომოსექსუალ ბიჭებს საერთო საცხოვრებელში გოგონებთან ერთად ანაწილებენ.

"უმი" არის არა მარტო "body horror", არამედ ისტორია თინეიჯერისა, რომელსაც გარკვეული წრე არ იღებს. ჟიუსტინს სურს მიაგნოს თავის ადგილს კოლეჯის "საზოგადოებაში" და საბოლოოდ დაემშვიდობოს ყმაწვილქალობის ასაკს. მაგრამ აქ წესები აქვთ: კოლექტივის წევრი თუ გინდა გახდე, კეთილი ინებე და ის გააკეთა, რაც გეჯავრება - ხორცს გაუსინჯე გემო. ესაა "ნათლობა ხორცით", რომელმაც მხეცი უნდა გააღვიძოს ფილმის გმირში და ჩვენს თვალწინ აქციოს კეთილშობილი ადამიანი ფანატიკოსად, რომელიც ძალადობას ებრძოდა და ახლა თავად გახდა მოძალადე, ადამიანების "მჭამელი". ხორცის "წინააღმდეგ ბრძოლა", რასაც ვეგეტარიანელი ხშირად "იდეოლოგიად", ანდა პოლიტიკად აღიქვამს, გადაიზრდება თითქმის ნებისმიერი ვეგეტარიანელის მთავარი მტრის - ხორცის მიმართ ვნებაში, მისი "შესანსვლის" ვნებაში.

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ფილმია. რა თქმა უნდა, იმ რეალობას გამოხატავს, რომელშიც დღეს გვიხდება ცხოვრება. არა, ეს არაა ფლობერი და ტოლსტოი. უფრო მეტიც, ეს არც პედრო ალმოდოვარია. ესაა გაბრაზებული ქალის გზავნილი - ახალი ეპოქის ხელოვნება, იმ ეპოქისა, როცა ქალებზე და, მით უმეტეს, მათ სხეულებზე, მათ სხეულში მიმდინარე ცვლილებებზე არა კულტურის (მათ შორის კინოს) მფლობელები, არამედ აქედან თავიდანვე განდევნილები - თავად ქალები იწყებენ ლაპარაკს.

ქალის სექსუალურ ტრანსფორმაციას, ცხადია, ქალი უკეთ გამოხატავს, ვიდრე მამაკაცი, რამდენიც არ უნდა გავიხსენოთ ფლობერი და ტოლსტოი, როგორც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა გადავცეთ ძალაუფლება ქალებს და მათ მოვუსმინოთ...ამიტომაც იგონებენ ქართული "ბოდი შოპის" მსგავს ვულგარულ (და "ეშმაკურ") პროექტებს - საქართველოში ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ისევ ფლობერისა და ტოლსტოის ეპოქაში ვცხოვრობთ. არადა, 21-ე საუკუნეა და კანის კინოფესტივალის ისტორიაში უკვე მეორედ იმარჯვებს კინორეჟისორი ქალის ფილმი - "ტიტანი", რომელშიც ახალგაზრდა ქალი მანქანისგან... და არა მამაკაცისგან აჩენს შვილს. განაყოფიერების პრივილეგიაც კი წაგვართვეს ქალებმა და მანქანებმა.

ჯერ სად ხართ? ძრწოდეთ, კანიბალი ქალები მოდიან!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG