Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებამდე ფინანსური დახმარების შეწყვეტას განიხილავდნენ


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდე ევროკავშირი განიხილავდა საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას. მან თქვა, რომ ეს საკითხი ისევ განიხილება, თუ "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება შეთანხმებას. ამ საკითხზე მან "რადიო თავისუფლების" კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"19 აპრილის შეთანხმებამდე, მარტში მე საქართველოში ვიყავი და მერე განხილვა გვქონდა ევროპარლამენტში. ჩვენ ვსაუბრობდით იმ დროს შესაძლებლობაზე, შეგვეჩერებინა ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, ეს საუბარი შედგა. შემდეგ ხელმოწერილი იყო ხელშეკრულება და ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ ეს იქნებოდა ათვლის წერტილი ყველა სხვა რეფორმის განსახორციელებლად... ჩვენ ახლა დავუბრუნდით ძველ მდგომარეობას და უნდა გავაანალიზოთ, როგორ გადავწყვიტოთ შექმნილი სიტუაცია.

ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროკავშირთან, რაც შეიძლება მალე... ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება საქართველო.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს, ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხები სწორი მიმართულებით დაიხარჯოს. ეს არის გადასახადის გადამხდელის თანხები და ეს თანხები არ უნდა აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანის ხელში. იქნება ამ საკითხებზე მსჯელობა, თუ "ქართული ოცნება" არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას", - თქვა ევროპარლამენტარმა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG