Accessibility links

site logo site logo

მერობის 63 კანდიდატი - ვინ წარმოადგენს „ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალური ოფისიდან გამოაცხადა საქართველოს ყველა (63) მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები. მათი უმრავლესობა მოქმედი საჯარო მოსამსახურეა. ზოგი მშობლიურ მუნიციპალიტეტში მეორედ ან სულაც მესამე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატებს შორის მრავლად არიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები.

აჭარა

„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად დაასახელა არჩილ ჩიქოვანი. ის 2019 წლიდან ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ. მანამდე ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო. ამ თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა თორნიკე რიჟვაძე.

2016-2017 წლებში ჩიქოვანი აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამ წლებში უწყების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნაში წერდა, რომ აჭარის გზების დეპარტამენტში თანხა არამიზნობრივად დახარჯეს, ჩაიბარეს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც ექსპერტის მიერ არ იყო დადასტურებული.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, სად მუშაობდა არჩილ ჩიქოვანი 2012 წლამდე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, გვითხრა, რომ მათი მმართველობის პერიოდში ჩიქოვანი შსს-ში გავლენიანი თანამდებობის პირი იყო. მუშაობდა აჭარის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) უფროსის მოადგილედ. 2012 წელს კი თავდაცვის სამინისტროში, აჭარის სამხედრო პოლიციის უფროსად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ხულოში კენჭს იყრის მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე. ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობის დაწყებამდე ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში საქმიანობდა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტში.

შუახევში კანდიდატია ომარ ტაკიძე, რომელიც ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ის სამეწარმეო საქმიანობიდან მოვიდა.

ქედა - როლანდ ბერიძე, მერის პირველი მოადგილე.

ქობულეთი - კანდიდატი არის მერის პირველი მოადგილე ლევან ზოიძე.

ქვემო ქართლი

„ქართული ოცნების“ მიერ ქვემო ქართლის შვიდ მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან ორი მოქმედი მერია, ერთი - პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ერთიც - ყოფილი პოლიციელი, სამი კი - მერის მოადგილე.

რუსთავის მერობის კანდიდატი იქნება პარლამენტში გარდაბნის ათი სოფლისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე. მან მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გაააქტიურა.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნინო ლაცაბიძის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებება იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება რუსთავში. მისი აქტიური ჩართულობით პარლამენტმა ახალი ბუნებისდაცვითი კანონიც მიიღო, მაგრამ ადგილობრივი ეკოდამცველების განცხადებით, ეს კანონი არ მუშაობს და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობაც ისევ ცუდია.

მიმდინარე წლის ივნისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ქვირია. როგორც მან განაცხადა, მისი გათავისუფლება ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, უკანონოდ მოხდა. მან ბრალი დასდო დეპუტატს, რომ რუსთავის მერის კომპეტენციებში ერევა. ქვირია მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თქვა, რომ ყოფილი თანამშრომელი მისი ბრძანებით გათავისუფლდა, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ნორმებს არღვევდა და ეს აუდიტმაც დაადასტურა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, მმართველმა პარტიამ წალკის მერობის კანდიდატად მოქმედი მერის ილია საბანაძის კანდიდატურა დაასახელა. საბანაძე წლების განმავლობაში უშიშროების სისტემაში მუშაობდა. ის წალკის მუნიციპალიტეტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, 2014 და 2017 წლებში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შედეგად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობისთვის კვლავ დავით შერაზადაშვილი იბრძოლებს. ის ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია. სტუდია „მონიტორის“ 2018 წლის საგამოძიებო ფილმში სათაურით „ბოლნისის მერის საეჭვო გარიგებები“ საუბარია ფილმის ავტორებისთვის საეჭვო ტენდერებსა და ნეპოტიზმის ფაქტებზე.

დავით შერაზადაშვილმა ჟურნალისტებს ეთიკის საბჭოში უჩივლა, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. საბჭომ განაცხადა, რომ მერის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერად დავით კარგარეთელის კანდიდატურა დაასახელეს. ის წლების განმავლობაში გარდაბნის მერიის საფინანსო და ეკონომიკურ სექტორებში მუშაობდა. კარგარეთელი გარდაბნის მერის მოადგილედ მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერობის კანდიდატი სოფელ მარტყოფში ფლობს, საერთო ჯამში, 16 000 კვ.მ მიწის ფართობს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დასახელებულია პოლიციის ყოფილი ჩინოსნის, კობა მურადაშვილის, კანდიდატურა, ის თბილისში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით დმანისელია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძოლებს კენან ომაროვი, რომელიც მერის მოადგილედ ივლისში დანიშნეს. ომაროვი წლების განმავლობაში მარნეულის განათლების სისტემაში მუშაობდა. მერის მოადგილედ დანიშვნამდე მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად, მმართველმა პარტიამ, ასევე, ცოტა ხნის წინ, 18 ივნისს მერის მოადგილედ დანიშნული, გიორგი წიკლაური დაასახელა. წიკლაური 1995 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში.

შიდა ქართლი

ყველაზე დიდი ყურადღება გორის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მიიქცია, მით უმეტეს, სწორედ, ახლა მიმდინარეობს ოლიმპიური თამაშები.

გავრცელებული ინფორმაციით, გორის ამჟამინდელი მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს.

კასპის ამჟამინდელი მერი ვახტანგ მაისურაძე კიდევ ერთხელ იბრძოლებს მერობისთვის. მან კასპში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მერის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მანამდე კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს იმჟამინდელი გუბერნატორის, ამჟამად პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის მოთხოვნით გააკეთა.

ქარელში მერობისთვის ადგილობრივებისთვის კარგად ცნობილი კადრი ზაზა გულიაშვილი იბრძოლებს. გულიაშვილი შიდა ქართლში ყველაზე ვეტერანი მერია და ის თანამდებობას ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იკავებს. ამჟამად გულიაშვილი მესამე ვადით შეეცდება მერის თანამდებობის დაკავებას. ის ადგილობრივ ხელისუფლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიდა.

ხაშურში „ქართული ოცნებიდან“ ახალი კადრი იბრძოლებს. თენგიზ ჩიტიაშვილი პროკურატურის სისტემიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში გადანაცვლებას გეგმავს. ის გარკვეული დროის განმავლობაში სიღნაღის პროკურორი იყო. ხაშურის ყოფილმა მერმა გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მერის მოვალეობას ზვიად ქურდაძე ასრულებს. ახალი კანდიდატის ჩიტიაშვილის შესახებ ისიც ცნობილია, რომ ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ დუგლაძის მეგობარია.

კახეთი

„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში კანდიდატად ორი მოქმედი მერი და ექვსი ახალი კანდიდატი წარადგინა. ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში კანდიდატებად მოქმედი მერები - ჯონდო მდივნიშვილი და ნიკოლოზ ჯანიაშვილი არიან დასახელებული.

38 წლის ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მერობას მესამე ვადით შეეცდება.

ლაგოდეხის მოქმედი მერი ჯონდო მდივნიშვილი კი, მეორე ვადით. 49 წლის ჯონდო მდივნიშვილი ფართო საზოგადოებამ გაიცნო სოციალურ ქსელში მის მიერვე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომონტაჟით, რომელშიც ქალაქის მერი ფოტოშოპით იყო ჩასმული.

რაც შეეხება რეგიონში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ სხვა კანდიდატებს:

თელავის მერობის კანდიდატია წარმოშობით თელაველი, 39 წლის ლევან ანდრიაშვილი. ის ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და რუსთავის ცენტრალურ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან ანდრიაშვილის მეუღლე თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

„ქართულმა ოცნებამ“ ახმეტაში ადგილობრივი ბიზნესმენი ალექსი ფიცხელაური წარადგინა. ის ღვინის და ტურიზმის ბიზნესშია, აქვს საკუთარი მარანი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გამოცდილებას, ფიცხელაური 2014 წელს ახმეტის საკრებულოს წევრი იყო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“.

ყვარელში „ოცნების“ მერობის კანდიდატი 39 წლის გივი ზაუტაშვილია. ის ყვარლის მოქმედი მერის, როსტომ სესიაშვილის მოადგილეა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან.

გურჯაანში კანდიდატად წარადგინეს 53 წლის ზურაბ უტიაშვილი - წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი. უტიაშვილი 2014 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნებიდან“ სიღნაღში მერობისთვის იბრძოლებს მოქმედი მერის, გიორგი გოგილაშვილის მოადგილე მალხაზ ბეგიაშვილი. ის 52 წლისაა. პროფესიით იურისტია. 1999-2000 წლებში სიღნაღის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. 1995 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროში, მუნიციპალური განვითარების ფონდში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

საგარეჯოში გამარჯვებას შეეცდება ავთანდილ გულიკაშვილი - ადგილობრივი ბიზნესმენი. მას ბიზნესები აქვს კვებისა და მეფრინველეობის სფეროებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2018 წელს ავთანდილ გულიკაშვილმა 60 ათასი ლარი შესწირა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ, ოფიციალურად პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. უფრო ადრე, 2017 წელს 50 ათასი ლარი შესწირა პარტია "ქართულ ოცნებას". გულიკაშვილმა 2012 წელს 18 ათასი ლარით დააფინანსა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

იმერეთი

„ქართული ოცნების“ იმერეთის მერობის კანდიდატებს შორის, თანამდებობაზე პირველად იყრის კენჭს წყალტუბოში - გენადი ბალანჩივაძე, სამტრედიაში - დავით ბახტაძე, ზესტაფონში - ვასილ გველესიანი, საჩხერეში - ლევან ივანაშვილი, ბაღდათში - კახა ენუქიძე, ტყიბულში - დავით ჩერქეზიშვილი.

წყალტუბოში წარდგენილი გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო 2015 წელს. ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, „ქართული ოცნების“ წარდგენით გრიგოლ იოსელიანია.

სამტრედიის მერობის კანდიდატია 47 წლის დავით ბახტაძე, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის ვალერიან ფოცხვერიას მოადგილეა.

ზესტაფონის მერობის კანდიდატია ვასილ გველესიანი, ინჟინერ-მეტალურგი. ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორია 2017 წლიდან. ვასილ გველესიანის კარიერა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 1986 წლიდან იწყება. მუშაობდა ცვლის ოსტატად, ცვლის უფროსად, განყოფილების უფროსად, საამქროს უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.

„ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატია ლევან ივანაშვილი, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა 2017 წლიდან. 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ივანაშვილის ოჯახი საჩხერის სოფელ ჭორვილაში 10-მდე მიწის ნაკვეთს და სახლს ფლობს. ის პროფესიით სამართლამცოდნეა, 2013-14 წლებში იყო ჭორვილის სკოლის დირექტორი, მოგვიანებით - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შტაბის უფროსი; ამჟამად საჩხერის მერის პოსტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბენიამინ ფალავანდიშვილი იკავებს.

ბაღდათი - მერობის კანდიდატი 45 წლის კახა ენუქიძეა, რომელიც მოქმედი მერის არჩილ გოგსაძის პირველი მოადგილეა.

ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი. ის მოქმედ მერს თემურ ჩუბინიძეს შეცვლის, თუ ტყიბულელი ამომრჩევლების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები მეორედ არიან მოქმედი მერები: ქუთაისში - იოსებ ხახალეიშვილი, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხარაგაულში - კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში - ლაშა გოგიაშვილი, ჭიათურაში - გივი მოდებაძე და ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი.

ქუთაისის მოქმედმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა 2020 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ დაიკავა.

მეორედ დასახელდნენ მერობის კანდიდატად ხონის მოქმედი მერი ლადო ჯურხაძე და ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი. მან მანდატი დატოვა მერის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის. 2015 წელს იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვანში ასევე მოქმედი მერი დაასახელა. პროფესიით ეკონომისტი ალექსანდრე გოგორიშვილი 1992 წლიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე იყო „ლიბერთი ბანკის“ (ყოფილი სახალხო ბანკი) ქალაქ ვანის ფილიალის მმართველი. 2017 წლის 13 ნოემბრიდან არის ვანის მუნიციპალიტეტის მერი.

თერჯოლის მერობის კანდიდატად დასახელებული ლაშა გოგიაშვილიც 2020 წლის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს თერჯოლის მერად, არჩევამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ის მერის მოვალეობას ასრულებდა.

ჭიათურაში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ასევე დაასახელა მოქმედი მერი, 44 წლის პროფესიით ეკონომისტი გივი მოდებაძე, რომელიც 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს მუნიციპალიტეტის მერად.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებული კანდიდატებიდან უმრავლესობა მოქმედი თანამდებობის პირია სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათ შორის, არიან მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ისევ მოქმედი მერი კაპიტონ ჟორჟოლიანია. ის ამ თანამდებობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2012 წლიდან იკავებს. თავდაპირველად იყო გამგებელი, შემდეგ კი გახდა მერი.

ასევე მოქმედი და სტაჟიანი მერი დაასახელა საარჩევნო კანდიდატად მმართველმა გუნდმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. დათო გოგუა მერობამდე, 2012-2014 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. 2014 წლიდან კი - გამგებელი. მანამდე,1998-2003 წლებში იყო შსს-ს სატრანსპორტო პოლიციის დაცვის დეპარტამენტის ოცეულის მეთაური; 2003-2004 წლებში ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის იურიდიული კონსულტანტი; 2004-2007 წლებში მუშაობდა №31 საავიაციო ქარხნის ლოგისტიკის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერიაა. ის ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. წოწერია პროფესიით ეკონომისტია. 2016 წლის ნოემბრიდან იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. უფრო ადრე, 2014-2016 წლებში - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. 2014-2016 წლებში საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. ამავე პერიოდში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი. 2013-2016 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა. მამუკა წოწერია 2011-2013 წლებში იყო ეკონომიკური მრჩეველი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

წალენჯიხის მერობის კანდიდატია გოგა გულორდავა. ის 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პროფესიით იურისტი გულორდავა 2000-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013-2016 წლამდე იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ფოთის მერობის კანდიდატია საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე. ის 2020 წლის აპრილიდან იკავებს ამ თანამდებობას. მანამდე იყო საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი.

მარტვილის მერობის კანდიდატი თორნიკე ჯანაშია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხის მერობისთვის ირაკლი ლაზარაშვილი იბრძოლებს. ის ამჟამად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსია.

ასპინძის მერის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე წარადგინა.

როსტომ მაგრაქველიძეს, მუნიციპალიტეტის მერობამდე, N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. მისი მეუღლე მაკა ბერიძე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი იყო.

ნინოწმინდაშიც კენჭს იყრის მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოსოიანის მერობის დროს, მერია პარლამენტის ყოფილი წევრის, ენზელ მკოიანის კომპანიისგან საწვავს საბაზრო ფასზე ძვირად ყიდულობდა.

რაც შეეხება ახალქალაქის მერობის კანდიდატს, ის საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაკარიანია. დეპუტატი მაკარიანი ბარალეთის თემიდანაა, ის ამავე სოფლის მცხოვრებია. მაკარიანი ორი მოწვევის საკრებულოს წევრია.

ადიგენში კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, 1960 წლის 1 იანვარს დაბადებული გოჩა ქიმაძე. საკანონმდებლო ორგანოში ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ორგზის იყო. 1999 -2008 წწ. იყო ფრაქციის „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“ წევრი. არის შპს „გოვათორის“ დირექტორი და დამფუძნებელი.

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, აქ მერობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს. ის 2018 წლიდან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია წაღვერის თემში. 2020 წლიდან დღემდე კი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

ოთარ არბოლიშვილი მედიის ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა, მაშინ, როცა საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ დაპირისპირება მანდატების გაყოფით დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარე „პატრიოტთა ალიანსიდან“, მოადგილე კი „ქართული ოცნებიდან“ აირჩიეს. ოთარ არბოლიშვილის მოადგილის პოზიციაზე დამტკიცებას 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.

მას შემდეგ, რაც ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სამართალდამცველებმა ქრთამის აღების გამო დააკავეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ოთარ არბოლიშვილი ასრულებდა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ამბროლაური - ლაშა ჭიჭინაძე - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; ის მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.

ონში კენჭს იყრის სერგო ხიდაშელი, მოქმედი მერის მოადგილე. ის სამართალდამცავ უწყებაში 2009 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. 2021 წლის თებერვლიდან 1 ივნისამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.

2013 წლის 17 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის, შსს-ს მინისტრის მადლობის სიგელი (მინისტრი ი. ღარიბაშვილი) აქვს მიღებული.

ცაგერში კენჭს იყრის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე. მან პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო.

ნემსაძე 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ის საკრებულოს წევრად მეორედაც აირჩიეს, თუმცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ირაკლი შიხიაშვილსა და კიდევ ორ დეპუტატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დატოვა. მოგვიანებით გიორგი ნემსაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის“ თავმჯდომარე გახდა.

ნემსაძის საჯარო ცხოვრებაში განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2007 წლის მაისი. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა რამდენიმე საათში განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. ხელახალ არჩევნებში კი მონაწილეობა არ მიუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნემსაძეს თანამდებობის დაკავებაზე უარი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ათქმევინა, თუმცა ამ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გიორგი ნემსაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თხოვნით გადადგა.

ლენტეხი - მერობის კანდიდატი გიორგი ონიანია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი.

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთაში მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი.

დუშეთი - მანანა ნარიმანიძე - მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოქმედი პირველი მოადგილე.

თიანეთში კენჭს იყრის ლევან წიკლაური.

ყაზბეგში კანდიდატია შალვა ელოშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

გურია

ოზურგეთში კენჭს იყრის საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე. მან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოსტი, ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020-ის ნოემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მედიის თანახმად კი ამის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობის გაუმართაობის გამო.

ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილია. ის იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი.

ჩოხატაურში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით შარაშენიძე.

მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი საქართველოს მასშტაბით იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დედაქალაქში კი - თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG