Accessibility links

site logo site logo

ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმე და გამოკითხვები - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 აგვისტოს


ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

ავსტრალიელი მასწავლებლის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიება ცხედრის აღმოჩენიდან 24 საათში გადაკვალიფიცირდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თავდაპირველად საქმე აღიძრა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

საქმეზე გრძელდება გამოკითხვები. როგორც გარდაცვლილი მასწავლებლის ერთ-ერთმა კოლეგამ ჟურნალისტებს უთხრა, გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს და თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

კელი დეგნანი: „სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ამოიწურება შეთანხმების შესრულების ყველა შანსი“

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა იმედგაცრუება უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

„თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება, განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.

წაიკითხე მეტი.

თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის ძმას ბაქოდან არ უშვებენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჰუსეინ ბაკიხანოვის ძმას, თეიმურს, აზერბაიჯანიდან არ უშვებენ.

„თეიმური დღეს ბაქოს აეროპორტში დააკავეს თბილისში მიმავალი. მას ჰკითხეს, თუ რატომ მიდიოდა საქართველოში. მოგვიანებით უთხრეს, რომ გაათავისუფლებდნენ, ძმის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ. ეს იყო ძალიან უკანონო ქმედება. აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა უმიზეზოდ. ყოველდღიურად ასობით აზერბაიჯანელი მიდის თბილისში უმიზეზოდ. თეიმურ ბაკიხანოვის საქართველოში შემოსვლაზე უარი, კიდევ უფრო აჩენს ეჭვებს, რომ მკვლელობის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება დგას“, - წერს აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი 14 ივლისს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რუმსის“ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

წაიკითხე მეტი.

მცდელობა მეოთხე: პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სესიაზე აირჩევს

დღეს პარლამენტი მეოთხე მცდელობით ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს. ამჯერად თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია 76 ხმა, რასაც სავარაუდოდ გიორგი კალანდარიშვილი მიიღებს.

წინა, მესამე კენჭისყრაზე ორ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი კალანდარიშვილი - 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი
  • გიორგი სანტურიანი - 3 მომხრე, 8 წინააღმდეგი.

ცესკოს თავმჯდომარის პირველ კენჭისყრაზე 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მესამე ჯერზე უკვე მინიმუმი 90 ხმაზე ჩამოვიდა. მეოთხეზე კი კანდიდატის ასარჩევად 76 ხმაა საკმარისი. თუმცა ამ მხარდაჭერით არჩეული თავმჯდომარე მხოლოდ 6 თვით დაიკავებს პოსტს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

Moderna-მ და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Moderna-მ და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო თავიანთი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი იტყობინება ვაქცინების მიწოდების შესახებ კონტრაქტებზე დაყრდნობით. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ორივე კომპანიის ვაქცინებმა დაამტკიცა საკუთარი ეფექტიანობა.

Pfizer-ი 25%-ით გაძვირდა. ახლა ევროპულ ბაზარზე მისი ერთი დოზა 19,50 ევრო ღირს (ძველი ფასი 15,5 ევრო იყო).

Moderna-მ დაახლოებით 10%-ით გააძვირა თავისი ვაქცინა. ევროკავშირისთვის მიწოდების თაობაზე უკანასკნელ კონტრაქტებში მითითებულია, რომ ვაქცინის ფასი 25,50 დოლარია. პირველი შესყიდვის თაობაზე გარიგებისას მისი ფასი 22,60 დოლარი იყო, იუწყება Financial Times-ი.

წაიკითხე მეტი.

კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფო", უხამსობის ტირაჟირების მიუხედავად, არ დააჯარიმა - რატომ?

კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს", რომლის დამფუძნებლებიც ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩევიან, უხამსობის ტირაჟირების მიუხედავად, ჯარიმა არ დააკისრა. 29 ივლისს კომუნიკაციების კომისიაში გამართული სხდომის შესახებ ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც არ იყო აღნიშნული, რომ არხმა ეს დარღვევა ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მეორედ ჩაიდინა.

"ალტ-ინფო" ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს "ალტ-ინფოს" სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს "ალტ-ინტერვიუ" და "ალტ-ანალიტიკა". აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება", - ეწერა კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხე მეტი.

დისიდენტები ფსიქიატრიულში

ერთ-ერთი ყველაზე არაჰუმანური და შემზარავი მეთოდი, რომელსაც საბჭოთა სისტემა დისიდენტების წინააღმდეგ იყენებდა, ჯანმრთელი ადამიანების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოკეტვა და იძულებითი მკურნალობა იყო.

საბჭოთა ფსიქიატრიის სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა ანდრეი სნეჟევსკიმ, შექმნა კონცეფცია, რომელსაც სისტემა იოლად იყენებდა, ზოგადად, არასტანდარტულად მოაზროვნეთა და მათ შორის დისიდენტების წინააღმდეგ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ანტისაბჭოთა შეხედულებების მქონე ადამიანებს იოლად გზავნიდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც მას სანიტრების მხრიდან ცემა, სულფოზინის (გოგირდოვანი ხსნარი, რომლის ხანგრძლივ გამოყენებას ახლავს ძლიერი ტკივილი, უძრაობა, კუნთების ნეკროზი) ინექციები, ფსიქოტროპული პრეპარატები და ინსულინოკომატოზური თერაპია ელოდა. ამ თერაპიის დროს პაციენტის ორგანიზმში დიდი დოზით შეჰყავთ ინსულინი, რომელიც მის ჰიპოგლიკემიურ კომაში ჩავარდნას იწვევს.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

ნიკამ ვლადიმირ პუტინს მუნდიალის ფინალი ჩაუშხამა, საშამ - დაბადების დღე. რომას “ექსტრემისტული" ნახატები კი დასცინის მის ძალადობრივ წესრიგს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG