Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი უსაფრთხოების გაუარესებას აბრალებს აშშ-ის "უეცარ" გადაწყვეტილებას


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ 2 აგვისტოს ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესების მიზეზად მოიტანა აშშ-ის "უეცარი" გადაწყვეტილება ჯარის გაყვანის თაობაზე, იმ ფონზე, როცა მთავრობის ძალები თალიბანის ექსტრემისტებს ებრძვიან სამხრეთის პროვინციის დედაქალაქზე კონტროლისთვის.

ბოლო დღეებში ბრძოლა მიმდინარეობდა ლაშქარ გაჰში, ჰელმანდის დედაქალაქში, სადაც თალიბანმა კოორდინირებული შეტევა წამოიწყო ქალაქის ცენტრზე რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ არეალში განათავსებს საგანგებო ძალების ათასობით სამხედროს.

თალიბანის ექსტრემისტებმა ღამით იერიში გააგრძელეს კიდევ სულ მცირე ორი პროვინციის დედაქალაქებზე - ყანდაარზე, რომელიც ასევე სამხრეთში მდებარეობს, და ჰერატზე, ავღანეთის დასავლეთში. ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით ქვეყანას ათასობით ავღანელი ტოვებს.

"ჩვენი ამჟამინდელი ვითარების მიზეზი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება ნაუცბათევად იქნა მიღებული", - თქვა ღანიმ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. ვითარების გაუარესება მან დააბრალა "საერთაშორისო ძალების გაყვანის უეცარ გადაწყვეტილებას" და თქვა, რომ ვაშინგტონს აფრთხილებდა მსგავსი "შედეგების" შესახებ. თუმცა, ღანი ამბობს, რომ მის მთავრობას ჰქონდა გეგმა, როგორ დაექვემდებარებინა ვითარება კონტროლისთვის ექვსი თვის განმავლობაში, და რომ აშშ ამ გეგმას მხარს უჭერდა.

ბრძოლა ინტენსიური გახდა მაისის დასაწყისში, იმ ფონზე, როცა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს აშშ-ის ძალებმა. თალიბანის ექსტრემისტებმა დაიკავეს ათობით ოლქი და სასაზღვრო რეგიონი, მთავრობის ძალები კი აცხადებდნენ, რომ მათი ძალისხმევა უწინარესად მჭიდროდ დასახლებული ადგილებისკენ იყო მიმართული.

XS
SM
MD
LG