Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის რეჟიმმა ოლიმპიადაზეც გამოაჩინა თავისი სახე


კრისცინა ციმანოუსკაია
კრისცინა ციმანოუსკაია

პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ სპრინტერს, კრისცინა ციმანოუსკაიას, რომელიც ბელარუსის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებმა საჯარო პროტესტის გამო ასპარეზობას ჩამოაცილეს და ტოკიოს ოლიმპიადიდან უკან იძულებით გაბრუნება დაუპირეს.

„ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ციმანოუსკაიას წარმომადგენლებს და მათთან კავშირზე ვიმყოფებით. ამ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მეტ დეტალებს ვერ გაგაცნობთ, გარდა იმისა, რომ პოლონეთი მზად არის თავისთან მიიღოს ქალბატონი ციმანოუსკაია, უზრუნველყოს მისთვის დაცვა და სპორტული კარიერის გაგრძელება“, - განუცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკიმ ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდს.

ყველაფერში დამნაშავეა ბელარუსის ოპოზიცია

ბელარუსის სპორტის მესვეურები განარისხა ციმანოუსკაიას უარმა, 4X100 ესტაფეტა ერბინა ერთ-ერთი იმ ბელარუსი სპორსტმენის ნაცვლად, რომელმაც ვერ ჩააბარა საჭირო ოდენობის დოპინგ-ტესტი და მოხსნეს ოლიმპიური თამაშებიდან. როგორც იტყვიან, „ხვრელის ამოვსება“ ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებმა გადაწყვიტეს ციმანოუსკაიათი, რომელსაც 100 და 200 მეტრის დისტანციაზე უნდა ერბინა.

ოფიციალური პროპაგანდა სრულიად გებელსის სტილში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს (ციმანოუსკაიასთან დაკავშირებული სკანდალი) ყველაფერი დაფინანსებული და თავიდან ბოლომდე ორგანიზებულია ოპოზიციის მიერ.
იური დრაკახრუსტი

კრისცინა ციმანოუსკაიამ, რომელიც ცნობილია იმით, რომ 2020 წლის აგვისტოს საპროტესტო აქციების შემდეგ ხელი მოაწერა „ძალადობის წინააღმდეგ“ სპორტსმენთა კოლექტიურ წერილს, ასეთ გარიგებაზე პრინციპულად თქვა უარი და ბელარუსის ოლიმპიური დელეგაციის ორ სავარაუდო წევრთან თავისი საუბარი ტელეგრამის არხ „ევრორადიოს“ საშუალებით გაავრცელა.

ციმანოუსკაიამ რადიო თავისუფლების სატელევიზიო არხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დაუდასტურა, რომ ჩანაწერში სწორედ მისი ხმა ისმის, ხოლო მას ესაუბრებიან მძლეოსნობაში ნაციონალური ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იური მოისეევიჩი, და ოლიმპიური მომზადების რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე, არტურ შუმაკი. ისინი ციმანაოუსკაიას საქციელს უწოდებენ „სულელურს“, ამუნათებენ, რომ ამის გულისთვის „ხალხი უმუშევარი დარჩება“ და ურჩევენ სასწრაფოდ გაფრინდეს სამშობლოში და უკან დააბრუნოს ის დღიური თანხა, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის მიიღო.

1 აგვისტოს ბელარუსის ნაციონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, „ემოციურ--ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების დასკვნის საფუძველზე“, მორბენალი კრისცინა ციმანოუსკაია მოხსნა ტოკიოს ოლიმპიური შეჯიბრებიდან და ბელარუსში დაბრუნება დაუპირა, მაგრამ ტოკიოს აეროპორტში მიყვანილმა ციმანოუსკაიამ დახმარება ითხოვა და განაცხადა, რომ თვითმფრინავში მისი ნების საწინააღმდეგოდ აჰყავთ.

ბელარუსის ამ ნაბიჯს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დეტალური ინფორმაცია მოსთხოვა ბელარუსის ხელისუფლებას, რომელმაც სიმართლის მთქმელი სპორტსმენის მიმართ დამოკიდებულებით კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე.

„ბელარუსის ოფიციალურ წრეებში ამბობენ, რომ ის (ციმანოუსკაია) არის ისტერიჩკა, რომ სკანდალი მოაწყო ცარიელ ადგილზე, მოიქცა არასპორტულად, ხოლო ოფიციალური პროპაგანდა სრულიად გებელსის სტილში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს (ციმანოუსკაიასთან დაკავშირებული სკანდალი) ყველაფერი დაფინანსებული და თავიდან ბოლომდე ორგანიზებულია ოპოზიციის მიერ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი იური დრაკახრუსტი.

ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდში მიაჩნიათ, რომ „პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებზე“ მის შესახებ მომზადებული განმაქიქებელი სიუჟეტებიცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ციმანოუსკაიამ უარი თქვა ბელარუსში დაბრუნებაზე.

„ევრორადიოს“ შეკითხვაზე, ეშინია თუ არა ბელარუსში დაბრუნების, „დიახ“, მოკლედ მიუგო ციმანოუსკაიამ. რაც შეეხება მის „ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ ექიმების დასკვნას, სპორტსმენმა ქალმა აღნიშნა, რომ შეჯიბრებიდან მისი მოხსნის გადაწყვეტილებამდე ექიმებს იგი საერთოდ არ შეუმოწმებიათ.

ეს იგივეა, მოკრივე საჭიდაოდ გაიყვანო

ცოტა ხნის წინ გამოცემა Sports.ru-ს დამფუძნებელმა, დმიტრი ნავოშმა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ მორბენალ კრისცინა ციმანოუსკაიას მეუღლემ, ანდრეი ზდანევიჩმა, შვილთან ერთად დატოვა ბელარუსი და კიევში გაემგზავრა.

ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში ანდრეი ზდანევიჩმა „აბსურდული“ უწოდა ციმანოუსკაიას ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო ბელარუსის ეროვნული ნაკრების მესვეურთა მოთხოვნა, რომ კრისცინას მისთვის განსაზღვრული დისტანციის ნაცვლად 4X100 ესტაფეტა ერბინა, შეაფასა როგორც შეგნებული პროვოკაცია.

„ეს იგივეა, რომ მოკრივე საჭიდაოდ გაიყვანო, რათა, უბრალოდ, გამოჩნდეს ამ სახეობის სპორტში ქვეყნის მონაწილეობა. ეს სხვადასხვა დისციპლინებია და სხვადასხვა დატვირთვაა, რაც განსხვავებულ მომზადებას საჭიროებს. ამგვარი შეცდომები დაუშვებელია ასეთი დონის შეჯიბრებებზე და, თანაც, ეს გაუგებრობა შექმნეს დელეგაციის ხელმძღვანელებმა, როდესაც განაცხადი წარადგინეს. არ შეიძლება სპორტსმენს დაავალო იმ სპორტული ნორმატივის შესრულება, რომლითაც ის არასოდეს ყოფილა დაკავებული და, თანაც, მისი თანხმობის გარეშე. კრისცინასთან კორექტულად და ლოიალურად რომ ესაუბრა ვინმეს, ასეთი სიტუაცია არ შეიქმნებოდა. მაგრამ ის საქმის კურსშიც კი არავინ ჩაყენა. ჩემმა ცოლმა სხვა ადამიანებისგან შეიტყო, რომ 400 მეტრზე უნდა ერბინა“, - განუცხადა ანდრეი ზდანევიჩმა ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემას.

ის ქედმაღლურად იქცევა გუნდისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. მიმაჩნია, რომ მას სწორად მოექცნენ. ის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საჭიროა პასუხიც აგო საკუთარი სიტყვებისთვის.
მაქსიმ ნედოსეკოვი

სპრინტერი კრისცინა ციმანოუსკაია არასოდეს ყოფილა კონფლიქტური. ის, სხვა სახელოვანი ბელარუსი სპორტსმენებისგან განსხვავებით, არც დიდად პოპულარული ყოფილა, მაგრამ ბელარუსში ახსოვთ, რომ საჭირო დროს იგი დადგა სიმართლის მხარეზე და 2020 წლის აგვისტოს სადავო არჩევნების შემდეგ ხელი მოაწერა სპორტსმენთა იმ წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო ბელარუსის ქუჩებში მომხდარი ძალადობა.

„მაშინ ციმანოუსკაიამ ხელი მოაწერა წერილს ძალადობის წინააღმდეგ. მასში ძალიან ფრთხილად და კორექტულად იყო ფორმირებული პროტესტი. თანაც, თუ კარგად მახსოვს, წერილში ლაპარაკი იყო ორივე მხრიდან ძალადობის მიმართ წინააღმდეგობაზე“, - იხსენებს იური დრაკახრუსტი.

ბელარუსის ოფიციალურ ხელისუფლებას ციმანოუსკაიასთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ამას, როგორც დრაკახრუსტი ამბობს, რეჟიმის ნაცვლად აკეთებენ მისი პროპაგანდისტები.

„ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტია ბელარუსი ჟურნალისტი იური აზარენკო, რომელმაც კრისცინა ციმანოუსკაიას მისამართით ასეთი რამ თქვა: კარგი იქნებოდა, წასულიყო ლიეტუვაში მდებარე მიგრანტთა ბანაკში და იქ აჩვენებდნენ სეირსო“.

მაგრამ, ჩემი კოლეგის თქმით, ამ შემთხვევაში გულდასაწყვეტია არა ლუკაშენკას პროპაგანდისტების შეფასება, არამედ ის კომენტარი, რომელიც სიმაღლეზე ხტომაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, ბელარუსის ნაკრების წევრმა მაქსიმ ნედოსეკოვმა გააკეთა თავისი კოლეგის მისამართით.

„მე არ მომეწონა ეს ადამიანი (კრისცინა ციმანოუსკაია). ის ქედმაღლურად იქცევა გუნდისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. მიმაჩნია, რომ მას სწორად მოექცნენ. ის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საჭიროა პასუხიც აგო საკუთარი სიტყვებისთვის“, - განაცხადა ნედოსეკოვმა.

ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდი, პირიქით, კრისცინა ციმანოუსკაიას საქციელს ამართლებს და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, ბელარუსი სპორტსმენის მიერ გაკეთებული სკანდალური ჩანაწერის ფიგურანტი მოხელეების - მძლეოსნობაში ნაციონალური ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იური მოისეევიჩისა, და ოლიმპიური მომზადების რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის, არტურ შუმაკის - სამუდამო დისკვალიფიცირება მოახდინოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG