Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 აგვისტომდე ვიტყვით, სად განთავსდება ხელოვნების მუზეუმის ექსპონატები - კულტურის მინისტრი


კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ 6 აგვისტომდე საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, სად განთავსდება ხელოვნების მუზეუმის ექსპონატები, თავად მუზეუმის შენობის აღდგენის პროექტს კი კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს და თანხები მუზეუმის აღსადგენად 2022 წლის ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა.

"გუშინ გვქონდა შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ.

ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი, ეს ექსპონატები დაბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის მანძილზე არავინ შეხებია და, სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო. შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი, ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე. რაც შეეხება თვითონ ექსპონატებს, ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთქვით, რომ 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება, ვიდრე შენობა განახლდება, მოთავსდეს ეს ასეულობით ათასი ექსპონატი. ვვარაუდობ, რომ 6 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ვიტყვით, თუმცა ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას, ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, არ იქნება კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები“, – განაცხადა წულუკიანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან.

მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა წერილის გასაჯაროება, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოს მუზეუმში დაცული ხატის გადაცემას სთხოვს. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წერილის მიღებას ადასტურებენ, საპატრიარქო კი ამბობს, რომ პასუხი ჯერ არ მიუღიათ და ელოდებიან.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს. ევაკუაციის 10-გვერდიან გეგმაში არ წერია, სად მიდის მუზეუმის ოქროს ფონდი.

5 აგვისტოს ხელოვნების დასაცავად მის წინ ორი აქციაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG