Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ამბობს სულ უფრო მეტი ბელარუსი სპორტსმენი


იანა მაქსიმოვა
იანა მაქსიმოვა

ბელარუსი მძლეოსანი, იანა მაქსიმოვა ამბობს, რომ მან და მისმა ოლიმპიელმა ჩემპიონმა ქმარმა შვილთან ერთად გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტეს, იმ ფონზე, როცა ბელარუსში გრძელდება რეპრესიები პროდემოკრატიული ძალების და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ.

მაქსიმოვა 3 აგვისტოს ინსტაგრამით გამოეხმაურა ბელარუსში ვითარების გაუარესებას და საერთაშორისო იზოლაციას და დასძინა, "ახლა ადამიანმა შეიძლება არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ სიცოცხლეც დაკარგოს".

მაქსიმოვას ოჯახის გადაწყვეტილების ფონია ბელარუსი სპრინტერის, კრისცინა ციმანოუსკაიას ბრძოლა ტოკიოდან მინსკში იძულებითი დაბრუნების წინააღმდეგ. ციმანოუსკაიამ ტოკიო დატოვა ვენაში მიმავალი რეისით, მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ უარი განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან შინ დაბრუნებაზე, შიშის გამო, რომ სასჯელი ელოდა ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისგან.

გავრცელებული ვარაუდით, ციმანოუსკაია ვარშავაში უნდა ჩაფრენილიყო, მას შემდეგ, რაც მას პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო, ამჟამად გაურკვეველია, ავსტრიაში თუ აპირებს დარჩენას.

ციმანოუსკაიამ თავშესაფრის თხოვნით პოლონეთის საელჩოს 2 აგვისტოს მიმართა, მას შემდეგ, რაც მინსკისკენ მიმავალ თვითმფრინავში იძულებით შესვლაზე უარი უთხრა ბელარუსის გუნდის წარმომადგენლებს. როგორც მანამდე ციმანოუსკაიამ სააგენტო ასოშიეიტედ პრესს უთხრა, გუნდის წარმომადგენლებმა "მკაფიოდ თქვეს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მე ნამდვილად შემეხებოდა სასჯელის გარკვეული ფორმა", გუნდის მენეჯერთა საჯაროდ გაკრიტიკების გამო. ოლიმპიურ თამაშებზე ბელარუსის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი დაუჰალიონაკმა უარი თქვა კომენტარზე, - იუწყება ასოშიეიტედ პრესი.

მანამდე ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ ვითარებას აკვირდება და თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC), რომელმაც ციმანოუსკაიას მიერ გამოთქმული ბრალდებების გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG